ქალთა გაძლიერების პრინციპები თემების განვითარებისთვის

თარიღი: ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2020 წელი

სამედიცინო ამბულატორია სოფელ გულიანში. ფოტო: ფონდი ტასო
სამედიცინო ამბულატორია სოფელ გულიანში. ფოტო: ფონდი "ტასო"

წლების განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემის (გურიის რეგიონი) მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად ლანჩხუთში უწევდა ჩასვლა. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლიდან ქალაქში დღეში მხოლოდ ორჯერ დადის, ამიტომ ადგილობრივები ძალიან წვალობდნენ.

სიტუაცია ამ ზაფხულს შეიცვალა: ახლა ჩოჩხათის თემის ერთ-ერთ სოფელში, გულიანში, სამედიცინო ამბულატორიისთვის 2 წლის წინ აშენებული ოთახი რეალურად ამოქმედდა. აქ უკვე ოჯახის ექიმი ჩამოდის და პაციენტებს თემის ცხრავე სოფლიდან იღებს.

„კონსულტაციის გავლა ყოველ ხუთშაბათს შეგვიძლია. აღარც ქალაქში წასვლა გვიწევს და აღარც - რიგში დგომა. თუ გადამისამართება სხვა ექიმთან გვჭირდება, მიმართვასაც ვიღებთ. ვაქცინაციის შესაძლებლობაც აქვე გვაქვს“, - ამბობს თვითდახმარების ჯგუფის „ქალები მომავლისთვის“ ხელმძღვანელი ჯულიეტა წიქორიძე, რომელსაც ამბულატორიის გახსნაში განსაკუთრებული წვლილი აქვს.

თუმცა, სოციალურ მობილიზაციაში ჩართული ქალების აქტიურობას წინ საინტერესო ინიციატივა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორი პარტნიორის, ფონდ „ტასოსა“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ თანამშრომლობა უძღოდა. „კრისტალი“ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერია. მეექვსე პრინციპი - თანასწორობის ხელშეწყობა სათემო ინიციატივებისა და ადვოკატირების მეშვეობით - მისთვის საინტერესო წამოწყების ინსპირაციად იქცა. კომპანიამ ფონდ „ტასოს“ თემებში სოციალური პროექტების განხორციელებისთვის ფინანსური შემოწირულობა გადასცა. „ტასომ“ კი ამ თანხით იდეების კონკურსი „ქალებისა და გოგოების სოციალური აქტივიზმი“ ჩაატარა. სულ კონკურსში 28 განაცხადი შევიდა, 3-მა კი გაიმარჯვა. მათ შორის ერთ-ერთი ჩოჩხათის თემში ამბულატორიის გახსნა იყო, რომლისთვისაც თვითდახმარების ჯგუფმა ინვენტარი და ავეჯი სწორედ „კრისტალის“ შემოწირულობით შეიძინა.

როგორც ორგანიზაციის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი მაია ქობალია ამბობს, ამ ინიციატივის ყველაზე დიდი მოტივაცია რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა იყო: „ფონდ ტასოზე იმიტომ გავაკეთეთ არჩევანი, რომ იგი წლებია, სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერას, მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, საზოგადოებრივი აქტივიზმის განვითარებასა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. „კრისტალის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი კი სწორედ სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობაა”, - დასძენს მაია ქობალია.

აღსანიშნავია, რომ ამბულატორიის გარდა, „კრისტალის“, ფონდ „ტასოსა“ და ადგილობრივი თვითდამხარების ჯგუფების ძალისხმევით, მაღალმთიან სოფელ ზუბში (ცაგერის მუნიციპალიტეტი) 25 ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გახდა შესაძლებელი, სოფელ პიპილეთში (ონის მუნიციპალიტეტი) კი ბიბლიოთეკის ინვენტარით აღჭურვა დაფინანსდა და იგი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

„კრისტალისა“ და ფონდ „ტასოს“ თანამშრომლობა და მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.