დევნილი ქალები მდგრადი მეწარმეობის შესაძლებლობებს ეცნობიან
თარიღი: პარასკევი, 12 მაისი, 2017 წელი
რა ბიზნესშესაძლებლობები აქვთ რეგიონებში მცხოვრებ დევნილ ქალებს და როგორ შეიძლება მცირე ფინანსებით მეწარმეობის დაწყება? - ამ საკითხებს გაეცნო იძულებით გადაადგილებული 17 პირი სამდღიან ინტენსიურ ტრენინგზე „დევნილი ქალების მდგრადი მეწარმეობის ხელშეწყობა“.

ტრენინგის მონაწილეები ფასანაურში იძულებით გადაადგილებული პირების კოოპერატივს "ტყის ნობათს" ესტუმრნენ; ფოტო: ქალთა ფონდი "ტასო"
„ჩვენ ყველა ის შესაძლებლობა წარმოვაჩინეთ, რომელიც დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქალების ეკონომიკური და სოციალური გააქტიურებისთვის არსებობს. მონაწილეები იმ უპირატესობებს, წარმატების შანსებსა და ეკონომიკურ ეფექტსაც გაეცნენ, რაც კოოპერატივების შექმნას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ბევრ მონაწილეს უკვე ბიზნესის იდეა გაუჩნდა და საპროექტო წინადადების დაწერასაც გეგმავს. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი მონაპოვარია“,- განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა როსტომ გამისონიამ და სამომავლოდ მონაწილეებთან მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის დამსწრე დევნილი ქალები იძულებით გადაადგილებული პირების კოოპერატივს „ტყის ნობათს“ ეწვივნენ, მცირე ფინანებით დაარსებულ საწარმოს მოდელს ადგილზე გაეცნენ და მისი შემქმნელების გამოცდილებაც გაიზიარეს. ტრენინგის ბოლოს კი მათ მცირე გრანტების მისაღებად ახალ იდეებსა და წამოწყებებზე იმსჯელეს.

ტრენინგის "დევნილი ქალების მდგრადი მეწარმეობის ხელშეწყობა" მონაწილეები; ფოტო: ქალთა ფონდი "ტასო"
დევნილი ქალები საკუთარ თემებში დაბრუნების შემდეგ ტრენინგზე შეძენილ ცოდნას სხვებს გაუზიარებენ. ეკა დაუდაშვილი, აღნიშნავს, რომ მიღებული ინფორმაცია სამომავლოდ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობაში დაეხმარება: „ჩემთვის ძალიან მნიშნველოვანი იყო იმის გაგება, თუ რა არის საჭირო ბიზნესპროექტის დასაწერად, რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება და როგორ წარმოვაჩინო ის უპირატესობები, რომლებიც პერსპექტივაში პროექტის განხორციელებას დაეხმარება. ამ ცოდნას ყოველთვის გამოვიყენებ. თანაც, აქ მოსმენილი შემიძლია ბევრ ადამიანს არა მარტო გავუზიარო, არამედ იდეების განხორციელებაშიც დავეხმარო“,- ამბობს ეკა.
ტრენინგი „დევნილი ქალების მდგრადი მეწარმეობის ხელშეწყობა“ პროექტის „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ჩატარდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტი საარსებო წყაროებზე სამართლიანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, საქართველოში ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.