გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევამ საქართველოს სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის ბარიერები გამოავლინა

თარიღი:

გენერალური ასამბლეის 73-ე სესია, ღონისძიება - ის თანასწორია: კანონმდებლობის გათანაბრება ქალებისა და გოგოებისთვის 2030 წელს
გენერალური ასამბელის 73-ე სესია, ღონისძიება - ის თანასწორია, კანონმდებლობის გათანაბრება ქალებისა და გოგოებისთვის 2030 წელს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ამანდა ვოისარი

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის გადაწყვეტაში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს, იგი კვლავ ნაკლებად რეალიზებულია. ეს ის მიმართულებაა, რომელიც რეგრესს ყველაზე მარტივად განიცდის.

გენდერზე ორიენტირებული სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ადგილობრივი კონტექსტის ტენდენციების შესწავლისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით, საქართველოში მიმდინარე სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობისა და მათ მიერ შეტანილი წვლილის შესახებ კვლევა განხორციელდა. კვლევა მიზნად ისახავდა იმ ბარიერების გამოვლენას, რომლებიც ქალთა მონაწილეობას აბრკოლებს და ქვეყანაში ინკლუზიური თუ მდგრადი მშვიდობის მიღწევის პროცესების გასაუმჯობესებლად კონკრეტული რეკომენდაციების შეთავაზებას.

კვლევაში „სტანდარტები, ბარიერები და ხარვეზების აღმოფხვრა: სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობისა და წვლილის გაზრდა საქართველოში“ ადგილობრივი კონტექსტის გასაანალიზებლად გამოყენებული იყო უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის გლობალურ ანგარიშს „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაში“ და მის მიერ გამოვლენილი შვიდი ძირითადი გამოწვევის ანალიზს ეფუძნება.

აღნიშნული კვლევა უმთავრესად „ეფექტიანი მონაწილეობის“ ცნებას მიმოიხილავს და გვთავაზობს კომპლექსურ ანალიზს, თუ რატომ არ არიან ქალები წარმოდგენილები სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდებთან და, ზოგადად, სამშვიდობო და უსაფრთხოების სფეროებში.

ამასთან, კვლევას სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის შესახებ არსებული ლიტერატურის გამდიდრებაში კონკრეტული კონტექსტის მაგალითზე შეაქვს წვლილი, იძლევა სასარგებლო ინფორმაციასა თუ დაკვირვებებს და პრაქტიკულ რეკომენდაციებს სთავაზობს სამშვიდობო პროცესის ყველა მონაწილეს: იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში და/ან კონფლიქტის გადაჭრაში მონაწილეობენ, ოფიციალური სამშვიდობო პროცესის მონაწილეებს და სხვა შესაბამის საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ სუბიექტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინკლუზიური და მრავალფეროვანი სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესების არსებობა საქართველოში მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით.

რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ისეთ გამოწვევებთან ერთად, როგორებიცაა მასკულინიზმის მძლავრი ტრადიცია, გენდერული სტერეოტიპები, ცოდნის ნაკლებობა, ქალთა ექსპერტიზისა და გამოცდილების შეზღუდული აღიარება, კვლევამ გამოავლინა, რომ ადგილობრივი და ქალთა ინციატივების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა, სამშვიდობო და უსაფრთხოების ინიციატივების დაფინანსების დროს გენდერული პერსპექტივის გათვალისწინება ნაკლებად ხდება და გენდერულ ექსპერტიზაში არასაკმარისი ინვესტიცია ხორციელდება. კვლევა აღნიშნული ბარიერების დასაძლევად შესაბამის განმახორციელებელ სუბიექტებს კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული 1325-ე რეზოლუციის მეოცე წლისთავზე ეს კვლევა ხელს შეუწყობს შესაბამის სუბიექტებს ქალთა პირდაპირი და ეფექტიანი მონაწილეობის წინაშე არსებული ბარიერების შემცირებასა თუ აღმოფხვრაში და საქართველოში სამშვიდობო პროცესის დადებით ტრანსფორმაციაში. ასევე, მან, შესაძლოა, სტაგნაციური მოლაპარაკებებიდან გამოსვლის გასაღები შემოგვთავაზოს და ქვეყანას სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში შეუწყოს ხელი.

ზემოაღნიშნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.