ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკა და გამოწვევები
თარიღი:
ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასრულებენ. თუმცა, საქართველოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინიციატივები ადგილობრივ დონეზე კვლავაც ჩანასახის სტადიაზეა.
დეტალური მონაცემების მიღების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის პოლიტიკა სპეციალური კვლევით შეისწავლეს, რომლის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი ქალთა ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე გაკეთდა. მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე არსებული მიღწევებისა და გამოწვევების გამოვლენაც წარმოადგენდა.
28 მაისის ონლაინღონისძიებაზე ავტორებმა სწორედ აღნიშნული კვლევის ძირითადი მიგნებები წარადგინეს და ისინი სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებსა და მუნიციპალიტეტების გენდერული საკითხების მრჩევლებთან ერთად განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა მიმართა და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულება და ძირითადი უფლებაა. „ყველა ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური და სოციალური აღმშენებლობისკენ მიისწრაფვის, მხარს უჭერს ქალების გაძლიერებასა და მათ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალიზებული პროცესი, რომელიც ზემოდან ქვემოთ ხორციელდება ან დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი მოვლენა. ეს უნდა მიმდინარეობდეს რეგიონებში - სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში“, - განაცხადა ჰელენე სანდ ანდრესენმა.
სახალხო დამცველის აპარატის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისკენ მიმართული არაერთი აქტივობის მიუხედავად, ქვეყნის გენდერულ პოლიტიკაში რეგიონების საჭიროებების ასახვა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ სისტემატიზებული და საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული გეგმებისა თუ პროგრამების შემუშავება კვლავაც პრობლემას წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობებში ნაკლებად პრიორტეტულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებებიც.
მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მხოლოდ 57-ს აქვს შემუშავებული. 61%-ის შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბჭოებს სამოქმედო გეგმის შესაბამისი ბიუჯეტი არ გააჩნიათ, თუმცა არის მაგალითები, როცა ისინი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, საჭიროა, მუნიციპალიტეტებს თანასწორი და არადისკრიმინაციული პოლიტიკა ჰქონდეთ, რადგან ისინი არსებული გამოწვევების, საჭიროებებისა და თუ შესაძლებლობების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ. „მიმაჩნია, რომ კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს თვითმმართველი ორგანოების მიერ გენდერული პოლიტიკის მკაფიოდ განსაზღვრას, რაც მომავალში დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და უფრო მეტად განამტკიცებს ინსტიტუციური მექანიზმის მდგრადობას გენდერული თანასწორობის კუთხით“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
კვლევა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში წარიმართა. მონაცემების შესაგროვებლად 7 რეგიონში 85 შეხვედრა ჩატარდა, რომლებშიც 800 ადამიანი მონაწილეობდა. შეფასება პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.