გენდერული თანასწორობა თქვენით იწყება: 9 ხერხი, თუ როგორ შეგიძლიათ აქტივიზმის სახლიდან გაგრძელება

თარიღი:

თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე: Medium.com/@UN_Women

გენდერული თანასწორობა

COVID-19-ის პანდემია მხოლოდ ჯანმრთელობას არ უკავშირდება. მან საზოგადოებებსა თუ ეკონომიკებზეც დიდი გავლენა იქონია და ყოველდღიურობა ძირეულად შეცვალა. ახლა თითოეული ჩვენგანი პანდემიის რეჟიმით ცხოვრობს, თუმცა COVID-19 ქალებზე კიდევ უფრო განსხვავებულ და ფარულ გავლენას ახდენს. როგორც წესი, ნებისმიერი სხვა კრიზისისა თუ პანდემიის დროსაც ასე ხდება ხოლმე.

ვირუსის გავრცელების შემცირებას ყველა სოციალური დისტანცირებითა და იზოლაციით ცდილობს, ამიტომ გვსურს, ის საუკეთესო შესაძლებლობები გაგიზიაროთ, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას როგორც თქვენს სახლებში, ისე მსოფლიოში. თანაც, უსაფრთხოდ: სახლიდან გაუსვლელად, დივანზე ჯდომით.

1. გაინაწილეთ სახლის საქმე

ქალები სამჯერ უფრო მეტ არაანაზღაურებად საოჯახო საქმესა თუ მზრუნველობით სამუშაოს ასრულებენ, ვიდრე - კაცები. ამაში შედის: სადილის მომზადება, სახლის დალაგება, წყლისა და შეშის მოზიდვა, ბავშვებისა თუ ხანდაზმულების მოვლა და სხვა. იზოლაციის პერიოდში ეს ვალდებულებები ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს აღწევს, ამიტომ ბავშვების მხარდაჭერა დისტანციურ სწავლაში, მოხუცების დახმარება, საკვების მომზადება, დალაგება თუ საოჯახო საქმეების კეთება უკვე თითოეულ ჩვენგანს ეხება.

animated gif of family making dinner together

დარწმუნდით, რომ თქვენს სახლში ყველა თავის წილ მოვალეობას ასრულებს, რათა არაანაზღაურებადი საოჯახო საქმეებისა და ზრუნვის დამატებითი ტვირთი ყოველდღიურად იყოს გადანაწილებული.

2. იცოდეთ ფაქტები COVID-ის შესახებ

თითოეული ჩვენგანი ცდილობს, ახალ წესებს მოერგოს და ის მღელვარება გაიაზროს, რასაც ყველა განვიცდით. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ფაქტები და შევაჩეროთ დეზინფორმაციის გავრცელება. ამიტომ, ინფორმაცია სანდო წყაროებისა და სამედიცინო ექსპერტებისგან უნდა მიიღოთ.

რატომ არის გენდერის საკითხი მნიშვნელოვანი COVID-19-ზე რეაგირების დროს? ამის შესახებ უფრო მეტი ანალიზი შეგიძლიათ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტატიიდან „ფოკუსში: COVID-19-ზე რეაგირების დროს გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია“ შეიტყოთ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან კი მეტი ინფორმაციის მიღება ამ ბმულზეა შესაძლებელი: https://www.un.org/en/coronavirus

3. წაიკითხეთ, ნახეთ და გააზიარეთ ამბები ქალების შესახებ

დარჩით უსაფრთხოდ და გააგრძელეთ ფემინიზმის მხარდაჭერა სახლშიც. მაგალითად, წაიკითხეთ რომელიმე ფემინისტური წიგნი ქალების მრავალფეროვანი გამოცდილების შესახებ, რისთვისაც ჩვენი რეკომენდაციები გამოგადგებათ. მოიძიეთ შოუები, პოდკასტები, სოციალური მედიის ანგარიშები და ფილმები, რომელთა ავტორები ან პროდიუსერები ქალები არიან. იხილეთ ჩვენი კოლექცია ნეტფლიქსზე „რადგანაც ქალმა ნახა“, სადაც წარმოჩენილია ამბები, რომლებიც შთაგონების წყარო გახდა იმ ქალებისთვის, ახლა ჩვენ რომ შთაგვაგონებენ.

თუ ქალთა უფლებების ისტორიის შესახებ მეტ ინფორმაციას ეძებთ, იხილეთ ჩვენი ინტერაქტიული ქრონიკა.

4. ესაუბრეთ თქვენს ოჯახს გენდერულ თანასწორობაზე

მთელ მსოფლიოში, სოციალური დისტანცირების პირობებში, ბევრი ოჯახისთვის სახლი სკოლად იქცა. შეიტანეთ მის სასწავლო პროგრამაში ფემინიზმიც, ისაუბრეთ გენდერულ თანასწორობაზე თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან - ბიჭებსა თუ გოგოებთან.

Feminist in the making..loading

თუ თქვენს შვილებთან გენდერულ თანასწორობასა და იმ ნაბიჯებს განიხილავთ, რომლებიც მსოფლიოში თანასწორობის მისაღწევად გვჭირდება, ისინი უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე სხვებსაც გაუძღვებიან.

5. განაგრძეთ თქვენი აქტივიზმი ონლაინ

მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის კრიზისი ქალებზე არაპროპორციულ სოციალურ და ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს, რაც არსებულ გენდერულ უთანასწოროებებს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. შეუერთდით გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიას „თანასწორობის თაობა“, სოციალური მედიით გაახმოვანეთ თქვენ მიერ აღებული ვალდებულება თანასწორი მომავლის მიმართ, ისაუბრეთ ხმამაღლა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ჰეშთეგით #GenerationEquality. შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ მიმზიდველი გიფები (GIF), სლოგანები და უფრო მეტი კონტენტი ჩვენი სოციალური მედიის ნაკრებიდან.

#GenerationEquality

ასევე, შეგიძლიათ, მოიძიოთ საინფორმაციო მონაცემების ბარათები, ვიზუალური მასალები, ვიდეოები #coronavirus -ის შესახებ და სოლიდარობის გზავნილები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდიდან: #COVID19 სოციალური მედიის პაკეტი.

6. გაიღეთ წვლილი

COVID-19-მა უფრო მძიმე დარტყმა ქალებს მიაყენა, რადგანაც ისინი მსოფლიოს მასშტაბით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა 70%-ს შეადგენენ და რეაგირების წინა ხაზებზე იმყოფებიან.

რაოდენობრივად არაფორმალურ ეკონომიკასა და დაბალანაზღაურებად სამსახურებში უფრო ბევრი ქალია დასაქმებული. მათ ნაკლები სახსრები აქვთ და საარსებო საშუალებების შეფერხებით გამოწვეულ რეალობას ნაკლებად ერგებიან. როცა ოჯახებში დაძაბულობა ჩნდება, როგორც წესი, იქ ძალადობა და სექსუალური ექსპლუატაციაც იმატებს. სავარაუდოდ, COVID-19 ახლა მსგავს ტენდენციებს ავითარებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს, რათა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ყველა ქალს დაეხმაროს, ამიტომ მხარს უჭერს მოქნილ სამუშაო რეჟიმს მათთვის, ვისაც ზრუნვის ტვირთი აქვს და პრიორიტეტულად მიიჩნევს სერვისებს ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის. დახმარებაში მონაწილეობა თქვენც შეგიძლიათ.

გთხოვთ, დღესვე გაიღოთ წვლილი: donate.unwomen.org


7. ასწავლეთ საკუთარ თავს

სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციისას სწავლისთვის უფრო მეტი დრო გაქვთ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია გთავაზობთ უფასო, ინდივიდიუალური გრაფიკის შესაბამის ონლაინკურსებს სხვადასხვა თემატიკაზე, რომლებიც შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის უფასო ონლაინ კურსები.

საშუალება გაქვთ, ვირტუალურად ესტუმროთ და სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროთ ონლაინგამოფენები მსოფლიოს რამდენიმე ისეთ ყველაზე ცნობილ მუზეუმში როგორებიცაა ორსეის მუზეუმი პარიზში და ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში, ვან გოგის მუზეუმი ამსტერდამში, გუგენჰეიმი ნიუ-იორკში და სხვა. დათვალიერებისას გამოიყენეთ შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოთ იმ ქალ არტისტებს, რომლებსაც ისტორიის განმავლობაში უყურადღებოდ ტოვებდნენ და ჯერ კიდევ სათანადოდ არ აფასებენ.

გაიგეთ მეტი ქალთა უფლებების მოძრაობის საკვანძო ეტაპების, პროგრესისა და წინააღმდეგობის შესახებ, მოუსმინეთ ქალი ლიდერების ხმებსა და მისწრაფებებს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან ჩვენი ონლაინგამოფენით „თანასწორობის თაობა: დრო არის ახლა!

შეიძლება, ხელოვნება თქვენი შთაგონების წყარო აღმოჩნდეს და სახლში დროის გასატარებლად შემოქმედებითი გზებიც იპოვოთ!

8. გააკეთეთ თქვენი წილი საქმე, გადაარჩინეთ სიცოცხლეები

საზოგადოებასთან კავშირის შენარჩუნება მაშინაც კი შეგიძლიათ, როცა ფიზიკურად შორს იმყოფებით. გამოიჩინეთ სოციალური სოლიდარობა, ოღონდ დისტანციის დაცვით! თქვენს თავს ახლა რაც არ უნდა ხდებოდეს, იცოდეთ, რომ არსებობს ვიღაც, ვინც მსგავსს განიცდის და ცდილობს, ახალი ტიპის რეალობას მოერგოს. თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერა და საზოგადოებასთან ახლო კავშირის შენარჩუნება დაგეხმარებათ, იყოთ მხნედ სხვების დახმარებით. გაეცანით ხუთ ხერხს, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი წილი საქმის გაკეთება:

5 ways to support your community : 1. stay home; 2. support local businesses; 3. Shop responsibly (don't hoard); 4. Help your most at risk neighbors and family members; 5. check in with friends and family

9. გაუფრთხილდით საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას

ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის პრიორიტეტის მინიჭება მაღალი სტრესის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. შეახსენეთ ხოლმე საკუთარ თავს, რომ საჭიროა, ახალი ამბებისგან დაისვენოთ. იპოვეთ ბედნიერების მომენტები მეგობრებსა და ოჯახთან ურთიერთობით, დასვენებითა და თვითშემეცნებით.

COVID-19-ის პანდემიის გამო, ბევრი ჩვენგანი იძულებულია, საყვარელი ადამიანებისგან შორს იყოს, ამიტომ აბსოლუტურად ნორმალურია, თუ, სამსახურებრივი ან ოჯახური ვალდებულებების გამო, შფოთვის, იზოლირების ან გადატვირთულობის შეგრძნება გაქვთ.

გახსოვდეთ: მარტო არ ხართ. ჩვენ ამ ყველაფერს ერთად განვიცდით და ამ ყველაფერსაც ერთად გადავიტანთ.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ რატომაა მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობა COVID-19-ზე რეაგირების პროცესში, იხილეთ ბმული და ჩვენი სიახლეების ბიულეტენი გამოიწერეთ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მთავრობებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, რეაგირების ღონისძიებებში გენდერული პერსპექტივა გაითვალისწინონ რისთვისაც უნდა გააცნობიერონ, თუ როგორ გავლენას განიცდიან ქალები და პასუხი გასცენ მთავარ შეკითხვებს, თუ რა ზეგავლენას მოახდენს მათი რეაგირების ღონისძიებები და პოლიტიკები ქალებსა და გოგოებზე.