რა გავლენას ახდენს ოჯახების ცვლილება ქალთა უფლებებზე - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში მსოფლიო ქალთა პროგრესის 2019-2020 წლების ანგარიში წარადგინა

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის “მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019-2020“ მიხედვით, ბოლო ათწლეულში ქალთა უფლებების გაუმჯობესებასთან ერთად, ოჯახები მთელ მსოფლიოში იქცა როგორც სიყვარულისა და სოლიდარობის სივრცედ, ისე ადგილად, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და გენდერული უთანასწორობის ჩამოყალიბება ხდება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მთავარი ანგარიში
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მთავარი ანგარიში "მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019-2020" საქართველოში წარადგინა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

14 ნოემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მთავარი ანგარიშის „მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019-2020: ოჯახები ცვალებად მსოფლიოში“ ძირითადი მიგნებები საქართველოში წარადგინა. მსოფლიო ქალთა პროგრესის 2019-2020 წლების გამოცემა წარმოადგენს ოჯახების რეალური მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და ითვალისწინებს ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებს.

ანგარიშში გაერთიანებულია მთავარ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებული გლობალური, რეგიონული თუ ეროვნული მონაცემები და სიღრმისეული ანალიზი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საოჯახო სამართალი, შემოსავლები და დასაქმება, აუნაზღაურებელი შრომა, ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახები და მიგრაცია.

გლობალურ მონაცემებზე, ინოვაციურ ანალიზსა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, ანგარიშში განხილულია ოჯახების მრავალფეროვნება მთელ მსოფლიოში და მოცემულია რეკომენდაციები, რათა კანონმდებლობა თუ პოლიტიკა დაეხმაროს ოჯახებს და დააკმაყოფილოს ოჯახის ყველა წევრის მოთხოვნები, განსაკუთრებით კი ქალების და გოგოების. აქვე წარმოდგენილია ანალიზი, თუ რა დაჯდებოდა ფინანსურად ამ პოლიტიკის განხორციელება.

ოჯახები შეიძლება იქცეს სივრცედ, სადაც ქალები და გოგოები მხარდაჭერასა და სოლიდარობას იღებენ და ასევე, სივრცედ, სადაც ყველაფერი პირიქითაა
"ოჯახები შეიძლება იქცეს სივრცედ, სადაც ქალები და გოგოები მხარდაჭერასა და სოლიდარობას იღებენ და ასევე, სივრცედ, სადაც ყველაფერი პირიქითაა", - განაცხადა შარა რაზავმა ანგარიშის წარდგენისას; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„ოჯახის სტრუქტურის განვითარება შესაძლებლობას აძლევს მთავრობებს, დაიცვან ოჯახები და შეიმუშაონ, ჩამოაყალიბონ და შეასრულონ ის პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს იმ მრავალფეროვან ოჯახებს, რომელთა საფუძველიც თანასწორობაა“, - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევების და მონაცემების მიმართულების ხელმძღვანელი შარა რაზავი.

„მსოფლიო ქალთა პროგრესის 2019 -2020 წლების ანგარიში გვეხმარება ხარვეზების გამოვლენაში, მათ აღიარებას და საქართველოში თუ სხვაგან ქალთა უფლებების ადვოკატირებაში“, - აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.

ანგარიშის წარდგენისას დისკუსია იმ რესურსების იდენტიფიცირებაზეც გაიმართა, რომლებიც ქვეყანას ოჯახზე მორგებული სოციალური პროექტებისა და სერვისების პაკეტის განხორციელებაში ინვესტირების ან ფინანსების გამოყოფისთვის დასჭირდება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მირა ბირბაუმმა საქართველოში ოჯახზე მორგებული პოლიტიკის დამკვიდრების საკითხებზე ისაუბრა. ექსპერტის აზრით, ორი სცენარის მიხედვით (არსებული მონაცემების საფუძველზე), ოჯახზე მორგებული სრული პაკეტის დაფინანსებას დაახლოებით მშპ-ის 6-დან 9%-მდე დასჭირდება.