საქართველოს მთავრობა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის წარსადგენ პერიოდულ ანგარიშს ამზადებს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, მხარდაჭერა გაუწია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის მეექვსე პერიოდული ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებულ დისკუსიებს.

ლიკა ნადარაია, (საქართველოს) წარმომადგენელი ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში
ლიკა ნადარაია, (საქართველოს) წარმომადგენელი ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში (2015-2022); ფოტო: OHCHR

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტის გადადგომის გამო, ანგარიში კომიტეტს დაწესებული ვადის, 2018 წლის 2 ივლისის ნაცვლად, რამდენიმე კვირის დაგვიანებით წარედგინება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა ბართაიამ განაცხადა, წლევანდელი ანგარიში პირველად იქნება საქართველოს პარლამენტის წესებსა და პროცედურებში 2016 წელს შეტანილი ცვლილებების (№ 5574) შესაბამისად წარდგენილი. აღნიშნული ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, მთავრობას ვალდებულებას აკისრებს, ნებისმიერი ანგარიშის პროექტი გაეროს შესაბამისი სახელშეკრულებო ორგანოებისთვის წარდგენამდე, განხილვისა და დამტკიცების მიზნით, პარლამენტს გაუზიაროს. 5 ივლისის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის წარსადგენი, მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ხელშეწყობაში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოც არსებით როლს შეასრულებს.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ქალთა უფლებადამცველებმა დიალოგისთვის მთავრობის მზადყოფნა პოზიტიურად შეაფასეს, თუმცა ამავე დროს აღნიშნეს, რომ ანგარიშში მოცემულია აქტივობათა მიმოხილვა და არა მაღალი დონის შედეგები ქალთა უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო დაწვრილებით ანგარიშგებას მოელოდა 2014 წლის დასკვნით შენიშვნებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ლბტი ქალთა უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას პირველად შეეხო.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით არასამთავრობო ორგანიზაციათა შენიშვნებს გააერთიანებს.

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის წარსადგენი მეექვსე პერიოდული ანგარიშის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია გეგმავს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ალტერნატიული ანგარიშის მომზადებაში დახმარებას, ასევე ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის გაეროს საქართველოს გუნდის კონფიდენციალური პარალელური ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის ხელშეწყობას.