ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საჩუქარი ბავშვებს
თარიღი:
ზღაპარი სამყაროს პირველადი შეცნობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. მისი დახმარებით ადამიანები სწორ ღირებულებებს - სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას, თანაგრძნობასა და გამბედაობას ადრეული ასაკიდან სწავლობენ. შესაბამისად, ზღაპრებში თანასწორი და გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი გარემოს ჩვენებას ბავშვის ფასეულობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.
სწორედ ეს მნიშვნელობა დაედო საფუძვლად გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული - „იყო ერთი გოგო“ მომზადდა. კრებული 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ნაწარმოებების პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, წმინდა ნინო, თამარ მეფე, პირველი ქართველი მფრინავი ქალი რუსუდან ჟორდანია, მარო მაყაშვილი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე და სხვები. ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება. კრებული 8-11 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
„იყო ერთი გოგოს“ პრეზენტაცია 15 ივნისს, თბილისში, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა და მას საზოგადოებრივი და კულტურული წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ბავშვები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ წიგნში შესულია ქართველი ილუსტრატორების მიერ შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად ამ კრებულისთვის მომზადდა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გამოფენაც, რომელმაც კრებულის ილუსტრაციებთან ერთად ის მასალები გააერთიანა, რომლებიც ზღაპრების პერსონაჟი ქალების რეალურ ცხოვრებას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას ასახავს.
„გაეროს ქალთა ორგანიზაციას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული და ღირებულია. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზღაპარი ყველა პატარის პირველი წიგნია და მასში ამოკითხული ღირებულებები მათ ბავშვობიდანვე სწორი განვითარებისკენ უბიძგებს“, - აღნიშნა პრეზენტაციაზე პოპულარულმა ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ, რომელიც კრებულის რედაქტორია.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან ერთად მონაწილეობენ კერძო კომპანიებიც. კერძოდ, სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi, დეველოპერული კომპანია მ2, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, სოციალური საწარმო აუდიო-მულტი სტუდია „ჰერა“. წიგნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბიბლიოთეკების დახმარებით გავრცელდება, ელექტრონული ვერსია კი ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge განთავსდება და ხელმისაწვდომი უფასოდ იქნება. დაინტერესებული მკითხველი ავტორების მიერ გახმოვანებული ზღაპრების ხმოვანი ვერსიების მოსმენასაც შეძლებს.
ინიციატივა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. >