დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ქალებისა და გოგოების მხარდასაჭერად

თარიღი:

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 2017 წლის 8 მარტს, კინოთეატრ რუსთაველში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ „ნოოსფერას“ ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმების სამდღიანი ფესტივალი „ქალი კადრში“ გაიხსნა.


გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, დოკუმენტური კინოფესტივალის "ქალი კადრში" გახსნა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
„მომეცით ნება ვიყვირო, იმიტომ რომ დუმილით დავიღალე“, - მღერის კრიტიკულად განწყობილი ირანელი ქალი რეჟისორის, როხსარე გემ მაგამის ფილმის მთავარი გმირი - 15 წლის ავღანელი სონიტა. ფილმი იმ ათასობით ავღანელი გოგოს ისტორიას გვიყვება, რომელთაც ოჯახები ან ძმები ფულის მიღების სანაცვლოდ ძალდატანებით აქორწინებენ. სონიტას შემთხვევაში ასე არ ხდება: გამბედავი თინეიჯერი მენტორების მხარდაჭერით, რომელთა შორის ერთ-ერთი თავად ფილმის რეჟისორია, საკუთარი ოცნების ასრულებას მაინც ახერხებს და პირველი ავღანელი ქალი რეპერი ხდება.

„შთამბეჭდავი ისტორიები ბედნიერი ფინალით - არ არსებობს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის უკეთესი ხერხი! მაგრამ სონიტას ამბავი შეგვახსენებს, რომ არის ათასობით გოგო, რომელთა ბავშვობა ნაადრევად სრულდება და რომელთაც საკუთარი ოცნებების ახდენის საშუალებას არ აძლევენ. რეალური გენდერული თანასწორობის მისაღწევად კვლავაც სამუშაოა“, - აღნიშნა ფესტივალის გახსნაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

„ქალი კადრში“ უკვე მეორე წელია ტარდება. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. მაყურებლებს საშუალება აქვთ ქალებისა და გოგოების შესახებ ფილმები იხილონ და მათ ცხოვრებაში იმოგზაურონ.

ფესტივალის გახსნას დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
„ვფიქრობ, 8-10 მარტის კინოჩვენებებით აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს იმ მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებთანაც მთელი მსოფლიოს ქალებს დღემდე უწევთ გამკლავება. მიუხედავად პრობლემის სიმწვავისა, რეჟისორები, რომელთა ფილმებსაც წარმოგიდგენთ, ამ საკითხებზე არა დრამატიზირებულად, არამედ უფრო მარტივად, იუმორითაც კი გვესაუბრებიან და ამ გზით გამოხატავენ თავიანთ სათქმელს. ვფიქრობ, ეს ისტორიები მკაფიო შეტყობინება იქნება საზოგადოებისადმი საჭირო ყურადღება დაუთმონ ქალების წინაშე აღმართულ ზღუდეებს, ბარიერებსა და სტიგმას, რომელიც 21-ე საუკუნეშიც კი მწვავედაა გამოხატული“,- აღნიშნა ფონდ „ნოოსფერას“ ხელმძღვანელმა და საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალ CinèDoc-ის დამფუნებელმა არჩილ ხეთაგურმა.

ფესტივალი ,,ქალი კადრში“ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში ტარდება. მაყურებლებს შესაძებლობა აქვთ ჩეხი, ფრანგი, გერმანელი, ჰოლანდიელი და ირანელი რეჟისორების ნამუშევრები იხილონ.