ქალთა საჭიროებები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში

თარიღი:

მრგვალი მაგიდა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის თემაზე; ფოტო: UN Women
გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი უკვე ნაცნობი თემაა მარნეულის, თეთრიწყაროს, ზუგდიდის, გორისა და საჩხერის ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა მუშა ჯგუფებმა, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა, ამ ხუთ მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების პრინციპის გამოყენება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს.

2015 წლის 16-30 სექტემბერს ხუთივე მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე ბოუჯეტირების საკითხებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის სხდომები ჩატარდა. სხდომებზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრიორიტებების მიხედვით 2016 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების სათემო კომიტეტმა გამოკითხვა 2443 სოფელში (68%-ქალი და 32 მამაკაცი) ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად გენდერულ თანასწორობასთან, ქალთა სოციალურ ჩართულობასა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებული 47 პრიორიტეტი გამოიკვეთა. პრიორიტეტებს შორისაა საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, სასმელი წყალი, სასკოლო ავტობუსები, გარე განათება და საბაზისო სამედიცინო დაწესებულებები. ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა დაპირება აღუთქვეს კომიტეტის წევრებს რომ გამოკვეთილ 27 (57.4%) პრიორიტეტს 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ. გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების სათემო კომიტეტები განაგრძობენ ბიუჯეტების დაგეგმვის პროცესის მონიტორინგს, რათა დარწმუნდნენ, რომ დაპირებები სრულდება და 2016 წლის ბიუჯეტები გენდერულად მგრძნობიარეა.

„წლების წინ, მრგვალი მაგიდის პირველი სხდომის შემდეგ, როდესაც დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული პრიორიტეტები 2013 წლის ბიუჯეტში აისახა, მივხვდით: ნამდვილად შეგვიძლია ცვლილებების მიღწევა. მას შემდეგ ჩვენს თემში ბევრ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მივაღწიეთ, მაგრამ ვიცით, რომ არ უნდა გავჩერდეთ და გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ცხოვრება კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მიმზიდველი გავხადოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის,“ - ამბობს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების გორის მუნიციპალიტეტის სათემო კომიტეტის თავმჯდომარე ესმა გოგლიძე. 

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ საქმიანობას პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.