საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა
თარიღი:
საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა რეზიდენციაში მიღება გამართა და განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის, მათი როლის გაზრდისა და გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2015 წელი უმნიშვნელოვანესი წელია ქალთა უფლებების წინ წამოსაწევად, რადგან მსოფლიო აღნიშნავს პეკინის სამოქმედო გეგმის 20 წლისთავს, რომელიც ამომწურავია თავისი დღის წესრიგით.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაიზაროდოს ქალთა როლი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისივე თქმით, დღეს საქართველოში ქალთა კვოტირება სხვადასხვა სახლმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში არაადეკვატურია და ამ მდგომარეობის გამოსწორების სურვილი გამოთქვა.
„ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც დაინგრა კლასიკური და დადგენილი სტრუქტურები ჩვენი საზოგადოებისა, ეკონომიკისა, სწორედ ქალებმა აიღეს თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა, ქალებმა გადაიტანეს საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ინსტიტუტების რთული ნგრევა. დასაქმების თვალსაზრისით სწორედ ქალბატონები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უფრო იოლად მოერგნენ იმ ცვალებად პირობებს და რეალურად გადაარჩინეს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა. ასევე ქალბატონებს ეხება ის რეალობა, რომელიც ჩვენ შარშან ძალადობასთან დაკავშირებით დავინახეთ და რომელსაც ალბათ ჯერჯერობით ადეკვატურ ახსნას ვერავინ მოუძებნის. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ თემაზე როგორც წარსულში ისე ვსაუბრობთ. მე აუცილებლად მივიჩნიე, რომ 2015 წელი ქალის წლად გამომეცხადებინა,“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა
პრეზიდენტმა შეხვედრაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა მიიწვია. ერიკა კვაპილოვამ სიტყვით გამოსვლისას მიულოცა პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ინიციატივის წამოწყება და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება და პარლამენტი აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას გენდერული თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დანერგვასა და განხორციელებაში. ერიკა კვაპილოვამ ყურადღება გაამახვილა პეკინის სამოქმედო გეგმის 20 წლისთავის, საქართველოში ქალთა წლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 15 წლისთავის მნიშვნელოვნებაზე: ,,ეს მნიშვნელოვანი თარიღები კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას აღვნიშნოთ ქალთა გაძლიერებისათვის მიღწეული შედეგები და აღმოვფხვრათ არსებული ხარვეზები: მაგალითად სტერეოტიპული აზროვნება ქალისა და მამაკაცის როლზე საზოგადოებასა და ოჯახში, გავუწიოთ სათანადო დახმარება ყველაზე მოწყვლად ქალთა ჯგუფებს, აღმოვფხვრათ გენდერული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე, გავზრდოთ ქალთა მონაწილეობა ყველა სფეროში რაც ხელს შეუწყობს თანასწორობას კაცებსა და ქალებს შორის",-აღნიშნა ერიკა კვაპილოვამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახალხო დამცველი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აქტივისტი ქალები.