უხილავი ხელები: ოჯახში დასაქმების ფორმალიზაცია საქართველოში

Image
უხილავი ხელები: ოჯახში დასაქმების ფორმალიზაცია საქართველოში - ყდა

ოჯახში დასაქმება არაფორმალური დასაქმების ფორმაა, რაც, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, დაქირავებულს დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. არაფორმალურად დასაქმებულების შრომით საქმიანობას ვერ ხედავს და ვერ იცავს შრომისა და სოციალური უსაფრთხოების კანონები. საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2011 წელს მიღებული კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ (C189). ადგილობრივი შრომის კანონმდებლობა ოჯახში დასაქმების ცნებას არ იცნობს და ამ დრომდე არც სასამართლოს უმსჯელია, წარმოადგენს თუ არა ოჯახში დასაქმება შრომითი კანონებით გათვალისწინებულ შრომით ურთიერთობას. ამდენად, ოჯახში დასაქმებულები ვერ სარგებლობენ იმ საბაზისო უფლებებითა და სიკეთეებით, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში შრომით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით დადგინდა. საქართველოში ოჯახში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია (99%).

საქართველოს პროგრესულმა ფორუმმა და საქართველოს ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სწავლობს ოჯახში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში და აანალიზებს სხვადასხვა ქვეყნის მიდგომას ოჯახში დასაქმების შრომით ურთიერთობად აღიარების, ოჯახში დასაქმებულებზე შრომითი და სოციალური უსაფრთხოების უფლებების გავრცელების, ფორმალიზაციის წამახალისებელი ფისკალური ზომების დაწესების მიმართულებით. პოლიტიკის დოკუმენტი მიზნად ისახავს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს შესთავაზოს ოჯახში დასაქმების ფორმალიზაციის ხედვა.

პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2024
გვერდების რაოდენობა
66