ჩემი გადმოსახედიდან: „ქალების კეთილდღეობისთვის განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია“

მასწავლებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე რეგიონების“ პროექტების კოორდინატორი, 45 წლის მარიეტა ლეთოდიანი განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციაზე მუშაობს. ცნობიერების ამაღლების გარდა, იგი სამოდელო პროექტებსაც ახორციელებს და ეხმარება ადამიანებს, განახლებადი ენერგიის სიკეთე ყოველდღიურობაში გამოცადონ. მარიეტა ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც საქართველოდან პროექტში „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მიიღეს მონაწილეობა.

თარიღი:

მარიეტა ლეთოდიანი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
მარიეტა ლეთოდიანი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„2008 წლიდან დასავლეთ საქართველოში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციაზე ვმუშაობ: საინფორმაციო კამპანიებით, ადვოკატირებისა და სამოდელო პროექტების განხორციელებით, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება.

მოხარული ვარ, რომ ჩემი მონაწილეობით ოჯახებსა და საბავშვო ბაღებში მზის წყლის გამაცხელებლები და ენერგოეფექტური ღუმელები დამონტაჟდა, ისეთ სოფლებში, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება და მოსახლეობის უმეტესობა კვლავაც შეშას მოიხმარს, ადგილობრივებმა სახლის მარტივად დათბუნებების მეთოდები, მზის წყლის გამაცხელებლის საკუთარი ხელით დამზადება შეისწავლეს და ენერგიის დაზოგვა ამ გზით შეუძლიათ.

ბოლო წლებში განახლებადი ენერგიის გამოყენების მიმართულებით საზოგადოების დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა: მეტ კითხვას სვამენ გამოწვევებსა და შედეგებს აცნობიერებენ. განსაკუთრებით დიდია ქალების ინტერესი: ისინი, ვინც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ, ხშირად მიყვებიან, რომ ზამთარში ცივი წყლით უწევთ ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვა, რაც მათ არა მარტო შრომას უმძიმებს, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებსაც უქმნის.

სწორედ ამიტომ, ქალების კეთილდღეობისთვის განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია. ის საუკეთესო შესაძლებლობაა, შეიმსუბუქონ აუნაზღაურებელი საოჯახო შრომის ტვირთი, რომელიც ძირითადად მათზე გადადის და გამოთავისუფლებული დრო საკუთარ განათლებას ან პროფესიულ განვითარებას მოახმარონ, გაიუმჯობესონ რთული საყოფაცხოვრებო პირობები, რაც შემდგომში მათ ჯანმრთელობაზეც პოზიტიურად აისახება, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრაზეც, გარემოს დაცვასა და უთანასწორობის შემცირებაზეც.

თუმცა, განახლებადი ენერიის წყაროების ფართოდ გავრცელება გამოწვევად რჩება. ვფიქრობ, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, ფინანსური მხარის გამარტივებაა საჭირო. მაგალითად, მოწყობილობების შესაძენად შეღავათიანი კრედიტები გაცემა, რაც მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის, ქალებს კი შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი მაგალითებით, განახლებადი ენერგიების ელჩებად იქცნენ“.


მიზანი 7: ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია

ინიციატივა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ქალთა წვლილის პოპულარიზაციას ემსახურება. იგი გაეროს ჟენევის სათავო ოფისსა და მის წარმომადგენელს, ტატიანა ვოლოვაიას, ასევე, შვეიცარიაში ქალთა გაძლიერების ასოციაციას ეკუთვნის. საქართველოში პროექტი გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. მარიეტა ლეთოდიანის საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მიღწევაში, რომელიც ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობას გულისხმობს.