გაეროს ქალთა ორგანიზაციის შესახებ

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია / იუსტინა მელნიკევიჩი
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია / იუსტინა მელნიკევიჩი

2010 წლის ივლისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) - გაეროს სააგენტო დააფუძნა, რომლის დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. ამ გადაწყვეტილებით გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ორგანიზაციის მიზნების მიღწევის დასაჩქარებლად ისტორიული ნაბიჯი გადადგეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაარსება გაეროს რეფორმების პროგრამის ნაწილი იყო, რითიც რესურსები და მანდატები უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად გაერთიანდა. ორგანიზაცია გაეროს სისტემის ოთხი დამოუკიდებელი სააგენტოს შერწყმის შედეგად შეიქმნა. მათი საქმიანობა ფოკუსირებული იყო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდაზე. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მათ მნიშვნელოვან შედეგებს ემყარება. ეს სააგენტოებია:

  • ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების განყოფილება (DAW)
  • ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების სფეროში კვლევისა და ტრენინგის საერთაშორისო ინსტიტუტი (INSTRAW)
  • გენდერულ საკითხებსა და ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების სფეროში საგანგებო მრჩევლის სამსახური (OSAGI)
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა განვითარების ფონდი (UNIFEM)

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია:

  • სამთავრობათაშორისო უწყებებისთვის, მათ შორის ქალთა მდგომარეობის კომიტეტისთვის, პოლიტიკის, გლობალური სტანდარტებისა და ნორმების ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა;
  • წევრი სახელმწიფოების დახმარება აღნიშნული სტანდარტების განხორციელებაში, ასევე შესაფერისი ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქმედითი პარტნიორობების ხელშეწყობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას ითხოვენ;
  • გაეროს სისტემის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის სფეროში საკუთარ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის მთელი სისტემის მასშტაბით მიღწეული წინსვლის რეგულარული მონიტორინგი.

მსოფლიოს ქალთა საჭიროებების დაკმაყოფილება

მრავალი ათწლეულის განმავლობაში გაერომ გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით სერიოზულ წარმატებას მიაღწია, რასაც ხელი ისეთი დოკუმენტების მიღებამაც შეუწყო, როგორიც პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა, ასევე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციაა. გენდერული თანასწორობა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლება არ არის. მის მიღწევას უზარმაზარი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

ქალთათვის შესაძლებლობების გაფართოება ბიძგს აძლევს ეკონომიკის განვითარებას და ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდას, მაგრამ გენდერულ უთანასწორობას ყველა საზოგადოებაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ქალები მოკლებულნი არიან ღირსეული სამუშაოს შესაძლებლობებს, არც ისე იშვიათია მათ მიმართ სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია, არსებობს დიდი განსხვავება მათსა და მამაკაცების ხელფასებს შორის, ძალიან ხშირად ქალებს ხელი არ მიუწვდებათ საბაზისო განათლებასა და ჯანდაცვაზე, მსოფლიოს ყველა ადგილას ისინიძალადობასა და დისკრიმინაციას განიცდიან. დაბალია ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებშიც.

მრავალი წლის განმავლობაში გაეროს ძალისხმევა - მსოფლიო მასშტაბით ხელი შეეწყო გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის, სერიოზულ გამოწვევებს აწყდებოდა. მათ შორის იყო არაადეკვატური დაფინანსება და ისეთი ერთიანი, აღიარებული მამოძრავებელი ძალის არარსებობა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სფეროში გაეროს საქმიანობას წაუძღვებოდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ გამოწვევების პასუხად დაარსდა. იგი იქნება ქალებისა და გოგონების დინამიკური და მძლავრი დამცველი და წარადგენს მათ მსოფლიო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეყრდნობა თანასწორობის შესახებ გაეროს ქარტიაში გათვალისწინებულ ხედვას და სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს შემდეგი მიზნების მისაღწევად:

  • ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა;
  • ქალთა შესაძლებლობების გაზრდა;
  • ქალებსა და მამაკაცებს - როგორც განვითარების, ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული ქმედების, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორებსა და ბენეფიციარებს - შორის თანასწორობის მიღწევა.