ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/იუსტინა მელნიკევიჩი
მზარდი ფაქტები და მონაცემები ადასტურებენ, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით განხორციელება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ამ მდგრადი ცვლილებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებთან, განვითარების პარტნიორებთან, გაეროს სააგენტოებთან, კერძო სექტორის კომპანიებთან, პროფესიულ კავშირებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახალხო ორგანიზაციებთან მუშაობს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარდაჭერას უწევს საქართველოს მთავრობას, რათა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავების, ეროვნულ თუ სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში გენდერული თანასწორობის ინტეგრირების პროცესში პრიორიტეტი გახდეს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამთავრობო ინსტიტუტების შესაძლებლობის გაძლიერებას, რათა მათ იმგვარი პოლიტიკა და პროგრამები შეიმუშაონ და განახორციელონ, რომლებიც უფრო მეტად გაითვალისწინებენ გენდერულ თანასწორობას, მიმართულნი იქნებიან ქალებზე და ზემოქმედებას მოახდენენ ქალების, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი და მარგინალიზებული ქალების, ცხოვრებაზე.

სათემო დონეზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან პარტნიორობითა და ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსებით, იძულებით გადაადგილებული პირების დაუცველი ჯგუფების, მათ შორის იმ ოჯახების შესაძლებლობებისა და საარსებო საშუალებების გაფართოების მიზნით მუშაობს, რომლებსაც მარტოხელა ქალი ჰყავთ ან რომელთაც ქალები ხელმძღვანელობენ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაში ბენეფიციართა ჩართვის მხარდაჭერა, ასევე მათთვის ისეთი სოციალური მომსახურებების მისაწვდომობის ხელშეწყობა ხდება, როგორიც ბავშვთა დღის სამზრუნველო დაწესებულებებია. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა იურიდიულ საკითხებზე უფასო იურიდიულ კონსულტაციას უზრუნველყოფს. პროექტზე „იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანასწორი წვდომა“ დამატებითი ინფორმაციის მოძიება ამ ბმულზეა შესაძლებელი.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შედეგების დაჩქარების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორიდან ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის დახმარების მობილიზებას ახდენს და გენდერული თანასწორობის მისაღწევად კომპანიებთან თანამშრომლობს. კერძო სექტორთან პარტნიორობის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ძალადობაგანცდილი პირებისთვის გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების შექმნა, მიწოდების ჯაჭვის შესაძლებლობების განვითარება და ქალთა მიერ დაფუძნებული მცირემასშტაბიანი ბიზნესებისთვის საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებაა. გაეროს გლობალური კომპაქტის ადგილობრივ ქსელთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის ერთობლივი „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ გამოყენებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სამუშაო გარემოში, ბაზარსა და საზოგადოებაში ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის კუთხით, კომპანიებს ტრენინგებსა და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. ამ ინტერვენციების მეშვეობით კომპანიებს მოუწოდებენ, მდგრადი განვითარების დღის წესრიგში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას, როგორც თავად ორგანიზაციაში, საკუთარი პერსონალისთვის, ისე მის გარეთ - მიწოდების ჯაჭვების პასუხისმგებლობით სავსე მართვის მეშვეობით, გენდერულად მგრძნობიარე საზოგადოების ჩართულობითა და იმგვარი მარკეტინგული პრაქტიკებით, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერულ თანასწორობას და უპირისპირდებიან გენდერულ სტერეოტიპებს.