გაეროს ქალთა ორგანიზაციის შესახებ საქართველოში

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში საქმიანობა 2001 წლიდან (UNIFEM-ის სახელით), პირველი რეგიონული პროექტის - „ქალები კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - განხორციელებით დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისში გენდერული თანასწორობის თემა სახალხო დიპლომატიისა და კონფლიქტის მხარეებს შორის არაფორმალური დიალოგის წახალისების ძლიერი, ზოგჯერ კი ერთადერთი საშუალება იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი ქალების საჭიროებების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით საჭირო ჩარევების მკაფიო ხედვის ჩამოყალიბება უზრუნველყო. შემდეგ წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პროგრამული მიმართულება ქალთა გაძლიერება და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების პოსტკონფლიქტურ პროცესებში აქტიური ჩართვა გახდა. ორგანიზაციის ახალი სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2013 წელს საქართველოში თავისი წარმომადგენელი დანიშნა და ოფისი ჩამოაყალიბა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ამჟამინდელი საქმიანობა მიზნად ისახავს სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორებისთვის დახმარების გაწევას საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს პოლიტიკისა და კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და ფართო საზოგადოების დონეებზე, რათა მიაღწიოს ხელშესახებ შედეგებს გენდერული თანასწორობის გაზრდისა და ქალებისა და გოგონების უფლებათა დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს შემდეგი მიმართულებებით მუშაობაზე: ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა ინტერესების დაცვა და ასახვა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ბოლოს, ძალზე მნიშვნელოვანია გენდერული საკითხის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში. აღნიშნულ ძირითად პრიორიტეტულ სფეროებთან ერთად, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მანდატს წარმოადგენს, ორგანიზაციის ინტერვენციები საქართველოში ეყრდნობა გაეროს გეგმას განვითარების ხელშეწყობისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ხორციელდება.