ჩემი გადმოსახედიდან: „განათლებას დამოუკიდებლობა მოაქვს“

25 წლის გოჰარ აღჯოიანი ფსიქოლოგი ტრენერი და არაფორმალური განათლების აქტივისტია. ის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ცხოვრობს და თანატოლებში, განსაკუთრებით კი გოგოებში სწავლის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობაზე მუშაობს. გოჰარი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც საქართველოდან პროექტში „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მიიღეს მონაწილეობა.

თარიღი:

გოჰარ აღჯოიანი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
გოჰარ აღჯოიანი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მიღებას ხშირად ვერ ახერხებენ. ამ პროცესში დაბრკოლებას კი, ქართული ენის არცოდნასთან ერთად, უპერსპექტივობის განცდაც წარმოადგენს: მათ ნაკლებად სჯერათ, რომ კონკრეტული პროფესიის დაუფლების შემდეგ რეალიზებასა და განვითარებას შეძლებენ. თუმცა, მიხარია, რომ ჩემი მაგალითი და საქმიანობა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაგიალიში დავიბადე. ქართული ენა მოხალისე მასწავლებლის დახმარებით ვისწავლე და შემდეგ ეს ცოდნა არა მარტო უმაღლესი, არამედ არაფორმალური განათლების მიღებისთვისაც გამოვიყენე. წლებია, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ტრენინგებს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე ვატარებ. ფსიქოლოგიის შესწავლის შემდეგ კი, ტრენინგებს უკვე სტრესის მართვისა და მოტივაციის შესახებაც ვუძღვები.

მჯერა, რომ ხარისხიან განათლებას პიროვნული ზრდა და თავისუფლება მოაქვს, მით უმეტეს პატარა სოფლის მაცხოვრებლებისთვის, ამიტომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ვცდილობ, ჩემს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი გოგოებში, გავაძლიერო განცდა, რომ სწავლა მართლაც რეალურ პერსპექტივას ქმნის.

განათლებას დამოუკიდებლობა მოაქვს, განსაკუთრებით ქალებისთვის. მათ სწავლა თუნდაც იმიტომ სჭირდებათ, რომ შემდეგ მისი მნიშვნელობა შვილებსაც დაანახონ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ შესაბამისი შესაძლებლობა ყველა მათგანს ჰქონდეს და ენობრივი ბარიერის აღმოსაფხვრელად კომპლექსური მიდგომები არსებობდეს“.


SDG 4: Quality education

ინიციატივა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ქალთა წვლილის პოპულარიზაციას ემსახურება. იგი გაეროს ჟენევის სათავო ოფისსა და მის წარმომადგენელს, ტატიანა ვოლოვაიას, ასევე, შვეიცარიაში ქალთა გაძლიერების ასოციაციას ეკუთვნის. საქართველოში პროექტი გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. გოჰარ აღჯოიანის საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის მიღწევაში, რომელიც ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას, ყველასთვის უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას გულისხმობს.