ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ჟუსტინა მელნიკევიჩი

საქართველოში კონფლიქტების პრევენციაში, კონფლიქტების მოგვარებასა და მდგრად სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტური მონაწილეობის გასაზრდელად გაეროს ქალთა ორგანიზაცია (იმ დროს UNIFEM) პარტნიორებს 2001 წლიდან რეგულარულად ეხმარება. ქვეყნისთვის განკუთვნილი ამჟამინდელი პროგრამისა და მდგრადი განვითარებისთვის გაეროს პარტნიორობის (2016-2020) ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეხმარება მთავრობას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, შესრულებასა და ქვეყნის კანონმდებლობაში ინტეგრირებული მდგრადი განვითარების მე-5 და მე-16 მიზნების მიღწევაში.

აღნიშნული კონტექსტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს უსაფთხოების სექტორს, მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, უსაფთხოების სექტორის რეფორმის პროცესსა და მის შედეგებში გენდერული საკითხების გათვალისწინებაში. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს მედიატორი ქალების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით დახმარებას და უზრუნველყოფს სივრცეს, სადაც სამშვიდობო საქმიანობაში ჩართულ ქალებს ოფიციალური სამშვიდობო და ინციდენტების პრევენციის (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა აქვთ.

2018-2020 წლებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს №1325 რეზოლუციის განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესისა და მასში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა თუ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ განლაგებული შიდა ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების მუნიციპალიტეტებთან მუშაობს. ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ხელს უწყობს აფხაზეთში ქალთა ორგანიზაციების კვალიფიკაციის ამაღლებას გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების გაწევის, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების მიზნით.