იაპონია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის ერთიანდებიან

თარიღი:

თბილისი, საქართველო - იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის საქართველოში, სლოვაკეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყო. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 565,000 აშშ დოლარია, უკრაინიდან ლტოლვილ 480 ქალსა და გოგოს დაეხმარება. ამას გარდა, ინიციატივა მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებაზე, პარტნიორ სახელმწიფო უწყებებსა და ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებზე.

მიმდინარე კრიზისის გამო, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინა 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია. ომის შედეგად, ადამიანებით ვაჭრობის, გენდერული ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის, ასევე, იძულებითი შრომის რისკები კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი.

პროექტი იმ გამოწვევების დაძლევაზეა ორიენტირებული, რომელთა წინაშეც ახლა ლტოლვილები დგანან. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, სავარაუდოდ, მათი 80% კიდევ უფრო ხანგრძლივად დარჩება მასპინძელ ქვეყნებში, სადაც შრომის ბაზარზე ინტეგრაცია, სოციალური წნეხი და გრძელვადიანი საბინაო საკითხები კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ლტოლვილ ქალებს, მათ შორის, ქალებს, რომლებიც ოჯახებს უძღვებიან, მდგრადი საარსებო საშუალებებისა და ღირსეული სამუშაოს პოვნა უჭირთ, რაც დაუცველობასა და ტრავმას კიდევ უფრო ამძაფრებს.

იაპონიის საელჩო საქართველოში მიესალმება ამ პროექტის დაწყებას და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ძალისხმევას არ დაიშურებს მისი განხორციელების მხარდასაჭერად. იაპონიისთვის მნიშვნელოვანია, წარმოაჩინოს ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგი (WPS), რომელიც ემსახურება მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხის, ადამიანის ღირსების დაცვას. ვისურვებდი, ამ პროექტით უკრაინელ ლტოლვილ ქალებსა და გოგოებს მასპინძელ ქვეყანაში სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ.

იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი
Image
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი

პროექტი, რომელიც იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, კონკრეტულად უკრაინელი ქალებისა და გოგოების პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ დახმარება, არამედ უფრო მდგრადი მომავლისთვის მათი გაძლიერებაცაა. ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითა და ლტოლვილებზე რეაგირების რეგიონული გეგმის შესაბამისად, ვისწრაფვით, ხელი შევუწყოთ მათთვის გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური გარემოს შექმნას, რომელიც ფოკუსირებულია ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და განათლებაზე გენდერული თანასწორობისთვის. ამას გარდა, ვიმედოვნებთ, რომ პროექტი უკრაინელ ლტოლვილ ქალებსა და გოგოებს ომის შემდგომი აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.

UN Women-ის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა
Image
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა

პროექტის კომპონენტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება, მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში უნარებით გაღრმავებით და ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბით ციფრულ საქმიანობებზე წვდომით. ამ პროცესში კი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ბიზნესკომპანიებიც. აღსანიშნავია, რომ პროექტი გულისხმობს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და გამძლეობის გაუმჯობესებას, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული ინტერვენციების გენდერული მგრძნობელობის გაზრდას.

ამ უდიდესი საჭიროების დროს გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკრაინელი ხალხის, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგოების მხარდაჭერის ერთგულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

გვანცა ასათიანი - კომუნიკაციების ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია,
gvantsa.asatiani@unwomen.org