ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით მუშაობს. ორგანიზაცია ტექნიკურ დახმარებას უწევს მთავრობას ქვეყნისთვის დადგენილი მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ, მდგრადი განვითარების მე-5 მიზნისთვის აუცილებელი ამოცანების მიღწევაში, ეროვნული კანონებისა და პოლიტიკის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ამ თვალსაზრისით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პრიორიტეტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციასთან (ამ კონვენციას საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და განხორციელების, ასევე, აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების ხელშეწყობაა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ძალზე მჭიდროდ თანამშრომლობს იმ უწყებებთან, რომლებიც ჩართულები არიან სექტორთაშორის კოორდინაციაში, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის რეფერალური სერვისისა და სხვა მომსახურებების გაწევაში, მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ) პოლიციასთან, სოციალურ მუშაკებთან, იურისტებთან, პროკურორებთან და მოსამართლეებთან. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქართველ პარტნიორებს დახმარებას უწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში, ასევე ოჯახში ძალადობის ჩამდენთათვის სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავებაში. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სხვადასხვა მომსახურების შექმნა-დანერგვაში ეხმარება. მაგალითად, შეიქმნა ოთხი თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და ცხელი ხაზი - 116 006 ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს და მომსახურებას ეთნიკურ უმცირესობათა ენებზეც ეწევა. ცხელი ხაზისა და მსხვერპლთა დახმარების სერვისების პოპულარიზაციის, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელ სხვადასხვა ინიციატივას სპორტის, სახელოვნებო წრეებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით სისტემატურად ახორციელებს.


გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქართველ პარტნიორებს დახმარებას უწევს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული მონაცემების ქვეყნის მასშტაბით შეგროვებასა და ანალიზში, რაც ფაქტებსა და მონაცემებზე დამყარებული პოლიტიკისა და პროგრამების ჩამოყალიბებას, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის რელევანტური, ქვეყნისთვის დადგენილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში წინსვლის შეფასებას დაედება საფუძვლად.

ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის სამუშაო ჯგუფს უძღვება, რომელშიც გაერთიანებულები არიან შესაბამისი სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ორმხრივი და მრავალმხრივი დონორებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის ფუნქციას ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით საქართველოს მთავრობის დახმარება წარმოადგენს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევას, რომელიც საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენაა მიმართული, 2010 წლიდან მხარს შვედეთის მთავრობა უჭერს. ეს საქმიანობა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა ერთობლივად ახორციელებენ. ამ სფეროში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობას 2016 წლის ნოემბერში დაწყებული პროგრამის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ მეშვეობით მხარს ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უჭერს.