ჩემი გადმოსახედიდან: „ქალების მონაწილეობის გარეშე ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის მიღწევა შეუძლებელია“

23 წლის აისელ აჯალიევა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი და თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციის ექთანია. აისელი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც საქართველოდან პროექტში „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მიიღეს მონაწილეობა.

თარიღი:

აისელ აჯალიევა. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
აისელ აჯალიევა. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

„2020 წელს, როცა COVID 19-ის პანდემია დაიწყო, სამედიცინო პერსონალი განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა: დაავადების მკურნალობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, არც ვაქცინა არსებობდა და მედიკოსები, რომელთა რიცხვი კლინიკებს ისედაც არ ჰყოფნიდათ, პროფესიულ მოვალეობას ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ასრულებდნენ.

მაშინ უკვე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს საოპერაციოში ექთნად ვმუშაობდი, თუმცა მივხვდი, რომ COVID 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე, რეანიმაციაში უნდა გადავსულიყავი. შეგრძნებამ, რომ ჩემი დახმარება ქვეყანას თუ ადამიანებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, ჯანმრთელობის პრობლემაც დამავიწყა და - ოჯახის თხოვნაც.

ჩემსავით COVID 19-ს საქართველოსა თუ მსოფლიოში არაერთი ქალი ებრძოდა. პანდემიამ განსაკუთრებით მძაფრად წარმოაჩინა უმცროსი სამედიცინო პერსონალის - ექთნებისა და სანიტრების მნიშვნელობა, რომელთა უდიდესი ნაწილი ქალია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ მათი შრომა და წვლილი აღიარებული და ღირსეულად დაფასებული იყოს.

ადამიანისთვის ყველაზე ღირებული ჯანმრთელობაა, ის გაძლევს ცხოვრების მოტივაციას. ამ უდიდეს ფასეულობას კი ექთნებისა და სანიტრების გარეშე ვერ გაუფრთხილდები. შესაბამისად, ქალების მონაწილეობის გარეშე ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის მიღწევა შეუძლებელია“.


მიზანი 3: ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა

ინიციატივა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ქალთა წვლილის პოპულარიზაციას ემსახურება. იგი გაეროს ჟენევის სათავო ოფისსა და მის წარმომადგენელს, ტატიანა ვოლოვაიას, ასევე, შვეიცარიაში ქალთა გაძლიერების ასოციაციას ეკუთვნის. საქართველოში პროექტი გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. აისელ აჯალიევას საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მე-3 მიზნის მიღწევაში, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას გულისხმობს.