საქართველოს მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ვალდებულებას იღებს

თარიღი:

სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის გადაწყვეტაში ქალთა მნიშვნელოვანი მონაწილეობა ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კომპონენტია.

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფებში მუშაობენ
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფებში მუშაობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ეს ჯერ კიდევ ყველაზე ნაკლებად განვითარებული სფეროა და წინსვლაც დიდწილად რეგრესისთვისაა განწირული, - ნათქვამია 2018 წლის შემოდგომაზე, ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის შედეგად გამოცემულ ანგარიშში, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებაში ჩართულობისა და სამშვიდობო შეთანხმების შესრულების საკითხებს ეხებოდა. 1990-2017 წლებში ქალები მედიატორების მხოლოდ 2%-ს, დამსწრეებისა და ხელმომწერების 5%-სა და მომლაპარაკებლების 8%-ს შეადგენდნენ.

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში გენერალური მდივნის მიერ 2018 წლის 9 ოქტომბერს გამოცემული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამშვიდობო და უსაფრთხოების ძალისხმევებში ქალთა წარმომადგენლობა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ აღებული ვალდებულებების ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმია.

საქართველოში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) დაწყებიდან ათი წლის შემდეგ ქალები მოლაპარაკებების პროცესში ჯერ კიდევ არასათანადოდ არიან წარმოდგენილები. საქართველოს მთავრობამ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების რეზოლუციის განხორციელების ეროვნულ გეგმით (2018-2020) ვალდებულება აიღო, რომ ეს რიცხვი გაიზრდებოდა.

ამ ვალდებულების შესრულების პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის მიზნით, 2018 წლის 13-15 ნოემბერს, შვედეთის ფოლკე ბერნადოტის აკადემიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, სტოკჰოლმში „მედიაციისა და მოლაპარაკების უნარებში ტრენერთა ტრენინგის“ მესამე და საბოლოო ეტაპი გაიმართა. პირველი ორი ტრენინგი თბილისსა და ბორჯომში ჩატარდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 15-მა წარმომადგენელმა (13 - ქალი, 2 - კაცი) ცოდნა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 1325(2000) რეზოლუციისა და შემდგომი რეზოლუციების კუთხით გაიღრმავა. ამას გარდა, მათ მოლაპარაკების უნარებიც გაიუმჯობესეს.

ტრენინგის მონაწილეებმა „ჩრდილოეთის ქვეყნების მედიატორ ქალთა ქსელის“ წევრების, ელჩ ინგრიდ ტერსმანისა და ელჩ ბირგიტა ჰოლსტ ალანის გამოცდილებაც გაიზიარეს. მათ მონაწილეებს მოლაპარაკების პროცესის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და სამშვიდობო პროცესებში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვის სხვადასხვა ფორმი განიხილეს.

მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ გამოიყენონ შეძენილი ცოდნა და როგორ გაუზიარონ ის სხვებს. განხილულ იდეებს შორის იყო ინფორმაციის გასავრცელებლად სესიების ორგანიზება სამინისტროების სხვა დეპარტამენტის წარმომადგენელ კოლეგებთან, სასწავლო კურსი საგარეო საქმეთა სამინისტროს დამწყები დიპლომატებისთვის და ლექციები სტუდენტებისთვის.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ფოლკე ბერნადოტის აკადემია თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ. ამ თანამშრომლობას ფასილიტაციას თავდაპირველად შვედეთის ყოფილი ელჩი საქართველოში მარტინა ქუიკი უწევდა. დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020) განხორციელებას. ასევე, ისინი წვლილს შეიტანს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით კი მე-16 და მე-17 მიზნების, ეროვნულ დონეზე მიღწევას.