სამშვიდობო პროცესში ქალების როლის გასაძლიერებლად გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვედეთის საელჩოსა და ფოლკე ბერნადოტის აკადემიასთან თანამშრომლობს

თარიღი:

კონფლიქტების პრევენციისა და მართვის ეროვნულ ინსტიტუტებსა თუ საერთაშორისო მექანიზმებში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

Welcoming the Peace Negotiation and Mediation Workshop participants
სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და მედიაციის სემინარის გახსნა. მარჯვნიდან მარცხნივ: შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში მარტინა კვიკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ყიფშიძე, შვედეთის ქალთა მედიაციის ქსელის წარმომადგენელი ინკლუზიურ სამშვიდობო პროცესებში ბირგიტა ჰოლსტ ალანი; ფოტო: ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის სამინისტროებს კაცებისა და ქალებისთვის კარიერული განვითარების თანასწორი შესაძლებლობების შექმნაში აქტიურ დახმარებას უწევს. ამჟამად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ქართველ მონაწილეთა შორის ქალები 30%-ზე ოდნავ მეტს შეადგენენ. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, სამშვიდობო მოლაპარაკებებში, კონფლიქტების მოგვარებასა და მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობა ხელშეწყობას საჭიროებს.

7 და 8 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში სამშვიდობო მედიაციისა და მოლაპარაკებების თემაზე ორდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოსა და ფოლკე ბერნადოტის აკადემიის თანამშრომლობით შედგა. მონაწილეები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების როლის, კონფლიქტის გენდერული ასპექტებისა და კონფლიქტის შესაბამისი ანალიზის, მრავალმხრივი ჩართულობისა და ინკლუზიური მედიაციის პროცესის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

Workshop participants engaged in group exercise
ვორკშოპის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ეფექტური მედიაციის მექანიზმებს განიხილავენ; ფოტო: ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი

სემინარში ის სპეციალისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ოფიციალურ მოლაპარაკებებში უკვე ჩართულები არიან ან მოლაპარაკებებისა და მედიაციის წარმოების მნიშვნელოვანი როლი მალე დაეკისრებათ. კერძოდ, მათ შორის იყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტების ის თანამშრომლები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან.

მონაწილეებს მიესალმნენ გაეროს ქალთაორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა კვიკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ყიფშიძე. ხათუნა თოთლაძემ ყურადღება სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა: „ჩვენ კარგად გვესმის მოლაპარაკებებში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობისა და ლიდერობის მნიშვნელობა. ჩვენი ღრმა რწმენით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა გაძლიერება არსებითი საკითხებია მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნა მან.

სამშვიდობო მედიაციასა და მოლაპარაკებებში ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებაა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებშიც გეგმავს. კერძოდ, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში დიპლომატებისთვის შეთავაზებულ სასწავლო მოდულებში რეზოლუცია №1325 (2000)-ის პრინციპების ჩართვას აპირებს.