შვედეთის ფოლკე ბერნადოტის აკადემიასთან პარტნიორობის განმტკიცება კონფლიქტების პრევენციასა და მართვაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად

თარიღი: შაბათი, 5 მაისი, 2018 წელი

2018 წლის 17 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციისა და შემდგომი რეზოლუციების განსახორციელებელი მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

როლური თამაში მედიაციაზე: ტრენინგის მონაწილეები თეორიულ ნაწილს პრაქტიკაში ახორციელებენ
როლური თამაში მედიაციაზე: ტრენინგის მონაწილეები თეორიულ ნაწილს პრაქტიკაში ახორციელებენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია 

სამშვიდობო და კონფლიქტის მოგვარების პროცესებში ქალთა გაზრდილი მონაწილეობა ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ამჟამად ქალები მშვიდობისა და უშიშროებისადმი მიძღვნილი ინციდენტების პრევენციის ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის - ქართველ მონაწილეთა 30%-ზე ოდნავ მეტს შეადგენენ. ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა, ფოლკე ბერნადოტის აკადემიასთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და შვედეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, მაღალი დონის მოლაპარაკების წარმოებასა და მედიაციაში ტრენერების მოსამზადებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგების ციკლი ჩაატარა. სწავლების მონაწილეები ის საჯარო მოხელე ქალები იყვნენ, რომლებიც უკვე მონაწილეობენ ოფიციალურ მოლაპარაკებებში, ან მოლაპარაკების მწარმოებლებისა და მედიატორების მნიშვნელოვანი როლები მალე დაეკისრებათ.

4-5 მაისს საქართველოში, ბორჯომში, ტრენერთა სწავლების მეორე ეტაპი ჩატარდა. მოლაპარაკების ტექნიკის, 1325 რეზოლუციის ძირითადი ელემენტებისა და მისი განხორციელების პრაქტიკული წარმატებული მაგალითების შესახებ ცოდნა საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის 16-მა წარმომადგენელმა გაიღრმავა.

„სწავლების მეორე ეტაპმა პირველი შეავსო. მოგვეცა შესაძლებლობა, მეტი დრო დაგვეთმო პრაქტიკული სამუშაოსთვის, რაც ძალიან სასარგებლო იყო,“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს პირველმა მდივანმა სალომე სუპატაშვილმა. სწავლების მესამე - საბოლოო ეტაპი 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

მოლაპარაკების წარმოებასა და მედიაციაში ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ტექნიკური დახმარებით, გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციისა და სხვა რეზოლუციების პრინციპები სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დიპლომატებისთვის განკუთვნილი ტრენინგის მოდულებში ჩართოს.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality