სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაუმჯობესებლად გენდერული კომისიების შექმნას განიხილავენ

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით, სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის გასაუმჯობესებლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგიონული შეხვედრა გამართა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ თავი მოუყარა რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების 25 წარმომადგენელს, რომლებმაც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის 20 წელი განიხილეს
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ თავი მოუყარა რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების 25 წარმომადგენელს, რომლებმაც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის 20 წელი განიხილეს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/გიზემ სენთურქი

ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) მუდმივი კოალიციის ან ქსელის შექმნაზე, რომელიც რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხებზე კონსულტაციების გამართვის მიზნით რეგულარულად შეიკრიბება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული სამშვიდობო მოლაპარაკებების გარდაქმნა და გენდერული კომისიებისა თუ ქალების მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბება, რათა ეს პროცესები უფრო ინკლუზიური და გენდერულ საკითხებზე მეტად ორიენტირებული გახდეს.

„გვსურს, 2020 წელი გენდერული თანასწორობისთვის გადამწყვეტი იყოს. ეს ხელს შეუწყობს ქალების როლის გაძლიერებას და იმ სტრატეგიების დასახვას, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე ქალების ეფექტიან გავლენასა და საზოგადოებებში მშვიდობის უზრუნველყოფას განაპირობებს“,- აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილემ, ბლერტა ჩელამ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე ბლერტა ჩელა შეხვედრას ხსნის
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე ბლერტა ჩელა შეხვედრას ხსნის; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/გიზემ სენთურქი

წელს გაეროს უშიშროების საბჭოს ფუნდამენტური მნიშვნელობის 1325 რეზოლუციის მიღებიდან 20 წლისთავი აღინიშნება. ეს პირველი რეზოლუცია იყო, რომელმაც კონფლიქტების შესახებ ქალების გამოცდილებები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს დაუკავშირა. 27-28 თებერვალს, სტამბოლში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მთელი რეგიონიდან სამოქალაქო საზოგადოების 25 წარმომადგენელს მოუყარა თავი, რათა მათ ერთად განეხილათ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის 20-წლიანი გამოცდილება, რომლის ქვაკუთხედსაც რეზოლუცია 1325 წარმოადგენს.

სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიან ჩართულობაზე, მთავარ მიღწევებსა და დაგროვებულ გამოცდილებაზე ფოკუსირების გარდა, მონაწილეებმა ის გამოწვევებიც განიხილეს, რომლებიც გენდერულად ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების ხაზგასმის კუთხით არსებობს, იმსჯელეს ინოვაციური გზებზე, რომელთა დახმარებითაც გაჭიანურებული კონფლიქტების ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს და მდგრადი მშვიდობა მიღწეული იყოს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეებზე.

ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუციის მიღებიდან ოცი წლის შემდეგ ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ბევრი მტკიცებულება ადასტურებს, რომ სამშვიდობო, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პროცესებში ქალთა მონაწილეობა მათ უფრო შედეგიანს ხდის, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების პირდაპირი და ეფექტიანი მონაწილეობა კი მშვიდობის მდგრადობასა და ხარისხს მეტად ამაღლებს.

ამას გარდა, ახლახან განხორციელებულ კვლევაში გამოვლინდა, რომ სამშვიდობო პროცესებში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. განსაკუთრებით გადამწყვეტია ძლიერი კავშირები და თანამშრომლობა ქალთა ისეთ მრავალფეროვან ჯგუფებს შორის, როგორებიცაა დელეგატები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ეს ხელს უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ისეთი დებულებების ჩართულობას, რომლებიც სოციალურ უთანასწორობებს, განსაკუთრებით კი გენდერულ უთანასწორობას შეეხება.

თუმცა, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ აღებული ვალდებულებების მიუხედავად, ბარიერები მაინც არსებობს. ქალები სამშვიდობო მოლაპარაკებს დიდწილად ჩამოშორებულნი არიან და ამ პროცესებში სრულ, თანასწორ, პირდაპირ და ეფექტიან მონაწილეობას ვერ იღებენ.

ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეებზე სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის მიმართ არსებული დაბრკოლებების დაძლევის მიზნით, შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტული და ქმედითი რეკომენდაციები შეიმუშავეს. საკუთარ მრავალფეროვან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქალთა უფლებებისა და მშვიდობის საკითხზე მომუშავე აქტივისტებმა ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ არსებული მიდგომის ცვლილება და რეკომენდაცია გაუწიეს გენდერული კომისიებისა და ქალ მრჩეველთა საბჭოების შექმნას, რათა ქალები მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი სამშვიდობო პროცესებში და ეს მოლაპარაკებები გენდერის საკითხებზე უფრო ორიენტირებული გახდეს.

„საჭიროა, ქალებმა მონაწილეობა მიიღონ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ისინი საზოგადოების ნახევარს წარმოადგენენ და, თანაც, კონფლიქტის დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან. ქალების მოსმენა ისეთი პოლიტიკების შემუშავებას ნიშნავს, რომლებიც მათ პრობლემებს უკეთ მოაგვარებს“, - განაცხადა ალბანეთის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ერალდა კანიმ.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქალების მოსმენა და წინ წამოწევა, რომლებიც პირდაპირ დაზარალდნენ კონფლიქტით“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარემ, ელიკო ბენდელიანმა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი ეფექტიანი მონაწილეობაა. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ის ქალები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ, ან რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხება აქვთ, რეალურ ცვლილებებს ახდენენ“, - განაცხადა საბანჯის უნივერსიტეტის პროფესორმა და თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ქალი მედიატორების ქსელის თურქეთის განყოფილების დამფუძნებელმა წევრმა, აიშე ბეთიულ ჩელიკმა.

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემაზე გამართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (UK CSSF) დაფინანსებით ჩატარდა.