ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

თარიღი: პარასკევი, 6 ოქტომბერი, 2017 წელი

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ეფექტური სერვისები და დამნაშავეთა დასჯა მნიშვნელოვანია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საუკეთესო გზა მისი პრევენციაა. ამ კუთხით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ძალადობის გამომწევი მიზეზების აღმოფხვრა სწორედ ცნობიერების ამაღლების დახმარებითაა შესაძლებელი.

PR Specialists of the Line ministries working in Groups on communication messages
სამინისტროების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ჯგუფებში საკომუნიკაციო გზავნილებზე მუშაობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

2017 წლის 3-6 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ევროკავშირმა ბორჯომში, სასტუმრო „ქრაუნპლაზაში“ სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას მიეძღვნა.

ინიციატივა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით ჩატარდა და მასში მონაწილეობა დარგობრივი სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა მიიღეს. სტრატეგიის მიზანი რესურსების კონსოლიდირება, ერთობლივი დაგეგმვისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაა, რაც უზრუნველყოფს, რომ მთავრობის ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ინტერვენციები მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მიზნობრივი და ძალადობის ძირეულ მიზეზებზე ფოკუსირებული იყოს. სტრატეგია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ ცნობიერების ამაღლების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების საფუძველზე მუშავდება და მასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე გაიმართა.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართულნი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში. ეროვნული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში ერთობლივ დაგეგმარებასა და კოორდინაციას,“ - განაცხადა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილემ, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა სალომე ჩიკვილაძემ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მთავრობის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაში ეროვნული კომუნიკაციის სტრატეგიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „უწყებებს შორის ამ საკითხებზე კოორდინაცია მნიშვნელოვანია, რათა მთავრობამ მოსახლეობას მიაწოდოს მკაფიო გზავნილი, რომლის მიხედვითაც ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა სახელმწიფო პრიორიტეტია“,-აღნიშნა მან.

აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ პასუხობს საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციით აღებულ ვალდებულებას. კონვენციის რატიფიცირება საქართველოს მიერ 2017 წლის მაისში მოხდა, რაც სხვა ვალდებულებებთან ერთად ქვეყნის მთავრობას ავალდებულებს, რეგულარულად განახორციელოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები და პროგრამები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ყველა ფორმის შესახებ.