უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში ტრანსფორმაციულ ცვლილებებს გეგმავს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს განვითარების პროგრამას, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, კომისიაში შემავალი დარგობრივი სამინისტროების გენდერული საკითხების საკონტაქტო პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

Inter-agency Commission plans for transformative changes to gender equality policymaking
გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების მიმოხილვა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „ბეტსიში“ ჩატარდა და მისი მიზანი ქალთა ძირითადი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ შედეგებზე დაფუძნებული მენეჯმენტის უნარებისა და თემატური ცოდნის ამაღლება, ასევე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებაში ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული სამიზნეების ინტეგრაცია იყო. უწყებათაშორის კომისიაში ყველა სახელმწიფო უწყების მიერ წარმოდგენილმა გენდერული საკითხების საკონტაქტო პირებმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ეროვნული სამოქმედო გეგმების წინა ციკლების შემუშავებისა და განხორციელების საფუძველზე მიღებული გამოცდილება, საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკებიც განიხილეს.

„სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები ინფორმაციის წყარო იქნება უწყებათაშორისი კომისიისთვის, რომელიც შემოდგომაზე 2018-2020 წლების სამი თემატური ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას იწყებს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ. ეს სამი სამოქმედო გეგმაა: „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლების/ძალადობაგანცდილი პირების დაცვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმა“, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმა“ და „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის თავი გენდერული თანასწორობის შესახებ.

„სამუშაო შეხვედრა ნამდვილად დაგვეხმარა გაგვეაზრებინა ჩვენი უწყებების წვლილი და ვალდებულებები ეროვნული სამოქმედო გეგმის ჭრილში, როგორც პროცესის, ისე შინაარსის თვალსაზრისით“, - განაცხადა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასა და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ალადაშვილმა.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმების შემუშავების სამუშაო გრაფიკი, რომელიც ოქტომბრის პირველ ნახევარში პირველი პროექტის მომზადებას ითვალისწინებს. პროექტს სამოქალაქო საზოგადოებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სხვა პარტნიორებთან კონსულტაციები მოჰყვება, რომლებიც ეროვნული სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბებამდე, 2017 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე კომისია 2017 წლის ივნისში შეიქმნა. მისი მანდატი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ფუნქციების ეფექტურად განხორციელების მხარდაჭერასა და ღონისძიებების კოორდინაციას მოიცავს. ამასთან, კომისია მხარს უჭერს აღნიშნული საკითხების მიმართ წინადადებების შემუშავებას და მათ საქართველოს მთავრობას განხილვისა და შემდგომი ქმედებისთვის წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ კომისია საკოორდინაციო ორგანოა, რაც სტამბოლის კონვენციის მე-10 მუხლითაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ის კონვენციაში მოცემული საკითხების განხორციელებასაც უწევს ზედამხედველობას.