გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ 2018 წელს განსახორციელებელ სამოქმედო ღონისძიებებზე იმსჯელა

თარიღი:

2018 წლის 20 თებერვალს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა.

Members of the Commission discussing the monitoring reports on the implementation of the 2016-2017 Action Plans for Measures to Combat Violence against Women and Domestic Violence
უწყებათაშორისი კომისიის წევრები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიშს განიხილავენ; ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა “ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა” და “გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ იმსჯელეს. ამას გარდა, კომისიამ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესიც განიხილა. როგორ ცნობილია, აღნიშნული გეგმების დამტკიცება 2018 წლის მარტის ბოლომდეა დაგეგმილი.

„სამოქმედო გეგმების, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებისას გათვალისწინებული იყო გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში აუცილებელია შეთანხმებული პოზიცია გვქონდეს იმის შესახებ, თუ რა შესრულდა და რა სამუშაო პრიორიტებია მომდევნო სამი წლის განმავლობაში. სამოქმედო გეგმების განხორციელებისა და დასახული საბოლოო მიზნების მიღწევისთვის ყველა შესაბამისი უწყების თანმიმდევრული და კოორდინირებული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.

შეხვედრაზე უწყებათაშორისმა კომისიამ 3 თემატური სამუშაო ჯგუფიც დაამტკიცა: ერთი მათგანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტის შექმნაზე იმუშავებს, მეორე კი ოჯახში მოძალადეთათვის ქცევის კორექციის პროგრამების დანერგვაზე. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, იგი ოჯახში ძალადობის შემთხვევებში მოძალადეთათვის GPS სამაჯურების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის პილოტირებაზე იქნება ფოკუსირებული. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, აღნიშნული ჯგუფი GPS სამაჯურების მონიტორინგის სისტემის ინსტიტუციონალიზაციისთვის საკანონმდებლო და ოპერაციულ ჩარჩოს შექმნაზეც იმუშავებს.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია 2017 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სხვა სააგენტოების ადვოკატირებითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა. კომისიის მანდატს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული პილიტიკის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია წარმოადგენს.