საქართველოს მთავრობამ 2018-2020 წლების გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ეროვნული გეგმები დაამტკიცა

თარიღი: ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა; ფოტო: საქართველოს მთავრობა

აღნიშნული დოკუმენტები 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმების წინა ფაზების განხორციელების შედეგად მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება და გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროებში აღებულ მთავარ საერთაშორისო ვალდებულებებს ეხმიანება, რაც სტამბოლისა და CEDAW კონვენციებით, UPR-ით, ასევე, მდგრადი განვითარების მე-5 და მე-16 მიზნებით ნაგულისხმევ ვალდებულებებსაც მოიცავს.

„აღნიშნული გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებულ ფართო კონსულტაციაში მონაწილეობდნენ პარტნიორები დარგობრივი სამინისტროებიდან და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი ძირითადი საჯარო უწყებები, განვითარებაზე მომუშავე პარტნიორები და სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ადგილობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული გეგმები რეალისტური იყოს და ეფექტურად გამოეხმაუროს იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მისაღწევად არსებობს“, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მთავრობას ორივე გეგმის შემუშავებაში ტექნიკური დახმარება გაუწია. „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“ ითვალისწინებს რისკის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისთვის, ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ინსტიტუციონალიზაციას მაღალი რისკის დამნაშავეებისთვის და ქცევის გამოსწორების პროგრამების დაწყებას ოჯახში მოძალადეებისთვის. ეს ღონისძიებები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითაა შემუშავებული.

რაც შეეხება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციას ენიჭება, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ბენეფიციარებთან უფრო მეტად დაახლოებას ისახავს მიზნად.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, დარგობრივ სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ორივე ეროვნული გეგმის განხორციელების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality