ქართველი მორაგბეები სამოელ ბიჭებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში რთავენ

თარიღი:

„ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალთა და გოგონათა მიმართ, დაუშვებელია. ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრებისეული მოვალეობაა და იმედი გვაქვს, რომ მალე ამ ბრძოლაში თქვენც შემოგვიერთდებით“,-ამ სიტყვებით ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის სპეციალისტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში ნოდარ ანდღულაძემ სამოაში, აველეს კოლეჯის სტუდენტებს მიმართა.

შეხვედრა აველეს კოლეჯის სტუდენტებთან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

შეხვედრაზე, რომელსაც აველეს კოლეჯის 500 - მდე სტუდენტი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნოდარ ანდღულაძესთან ერთად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები სანდრო თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი და ლაშა ხმალაძეც იმყოფებოდნენ. მორაგბეებმა, რომლებიც გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის კამპანიაში „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 2010 წლიდან აქტიურად არიან ჩართულები, რაგბის ღირებულებებზე, თანასწორობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ქართული რაგბის მაგალითზე, ყურადღება იმ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომლის შესრულებაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სპორტს შეუძლია.

ქართველი მორაგბეები სამოაზე ოკეანეთის ტურნირის ფარგლებში, ივნისის ტესტ მატჩებზე იმყოფებოდნენ. აველეს კოლეჯში სტუმრად ისინი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივმა ოფისმა მიიწვია. ცოტა ხნის წინ აველეს კოლეჯისთვის ძალადობა მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. საკმაოდ ხშირი იყო კონფლიქტური სიტუაციები, მათ შორის ისეთი, როდესაც სამართალდამცავთა ჩართულობა ხდებოდა აუცილებელი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივმა ოფისმაც აველეს კოლეჯზე არჩევანი სწორედ ამიტომ შეაჩერა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამოაში რაგბი ყველასთვის საყვარელი და სამაგალითო სპორტია, მორაგბეებს კი უდიდეს პატივს სცემენ.

შეხვედრა აველეს კოლეჯის სტუდენტებთან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„ჩვენთვის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო. მით უმეტეს, რომ აველეს კოლეჯის სტუდენტებისთვის ძალადობა საკმაოდ ნაცნობი თემაა. წარმატებული ადამიანები და მორაგბეები საუბრობდნენ ოჯახში ძალადობასა და იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებსაც ისინი სამოელ ხალხზე ახდენენ. იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა, როგორც ჩვენს სკოლაში, ისე მის გარეთ, მალე მოგვარდება და შევძლებთ ძალადობის შეჩერებას“,- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კოლეჯის ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ქართველი მორაგბეები დიდი ხანია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ, ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა / გაეროს ქალთა ორგანიზაცია / გაეროს მოსახლეობის ფონდი). აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცთა ჩართულობის გაზრდას. ლელოებმა, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, ამ თემას რამდენიმე საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. 2014 წელს კი მორაგბეები გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe-საც შეუერთდნენ. ამას გარდა, ისინი აქტიურად დადიან საქართველოს რეგიონებში და იქ მცხოვრებ ვაჟებს ხვდებიან და მათ ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.