ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

თარიღი: შაბათი, 25 ნოემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.

 Tbilisi TV Tower illuminated in orange
თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე

ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას წელს უკვე მეორედ შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.

TV Tower of the capital city was lit up in orange
თბილისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე

„ამ ჟესტით გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და თბილისის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის მნიშვნელობას“, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: დავასრულოთ ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ“ - ეს არის მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს ყველაზე გარიყულ ჯგუფებზე, მათ შორის ლტოლვილებზე, მიგრანტებზე, უმცირესობებზე, და კონფლიქტით თუ სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობას.