ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

ქართველი და სამოელი მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან

თარიღი: შაბათი, 19 ნოემბერი, 2016 წელი

19 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი 27 000 გულშემატკივრის წინ, ქართველი და სამოელი მორაგბეების ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ UNiTE მხარდაჭერა გამოუცხადეს.


ქართველი და სამოელი მორაგბეები სტადიონზე UNiTE-ს კამპანიის მაისურებში გამოწყობილმა ბავშვებმა გაიყვანეს; მიხელ მესხის სახელობის სტადიონი, თბილისი, საქართველო; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
მათ თამაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. მორაგბეები მოედნის ცენტრამდე, სადაც მათ თამაშის დაწყებამდე ტრადიციულად ეროვნული ჰიმნები უნდა შეესრულებინათ, UNiTE-ს გამოსახულებიან მაისურებში გამოწყობილმა პატარა გოგოებმა და ბიჭებმა გააცილეს.

სამოას ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ნაკრების მაგალითს მიბაძა და აქტიურად შეუერთდა კამპანია UNiTE-ს მხარდაჭერას. სამოას მორაბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალამა იერემია მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე UNiTE-ს გამოსახულებიანი მაისურით წარსდგა და განაცხადა: „ჩვენი ურთიერთობა საქართველოს ნაკრებთან 2016 წლის ივნისში დაიწყო. შედეგად, კამპანიაში ჩვენც ჩავერთეთ. ჩვენ იმავე ფასეულობებს ვიზიარებთ და პასუხისმგებლობასაც ვაცნობიერებთ. ჩვენთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღოთ თამაშში, რომელიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება.“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ კუთხით გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობაშია ჩართული, საგანგებოდ აღნიშნა: „ჩვენთვის დიდი პატივია, მხარი დავუჭიროთ კამპანია UNiTE-ს. წლებია, ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევაში. ჩემთვის, როგორც ქმრისა და მამისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია კამპანიაში მონაწილეობა. ჩვენ, როგორც გუნდი, მზად ვართ, ყველა ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. ყველაფერს ვიღონებთ ამ მიზნის მისაღწევად.“

მატჩს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა, ათასობით მაყურებელი დაესწრო; მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, თბილისი, საქართველო; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 20:16 დასრულდა. საუკეთესო მოთამაშედ ლევან ჩილაჩავა დასახელდა და მას ჯილდო კამპანია UNiTE-ს სახელით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა ირინა ჯაფარიძემ გადასცა.

ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. (პროგრამა დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და მას გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებენ). თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის გაფართოებას. ქართველმა მორაგბეებმა ამ მოძრაობას, გაეროს გენერალური კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - UniTE და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. ამას გარდა, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ კაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.