სოფელ ერგეტაში ქალთა მიმართ ძალადობაზე დისკუსია გაიმართა

თარიღი: ოთხშაბათი, 6 ივლისი, 2016 წელი

სოფელი ერგეტა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და 1200-მდე მაცხოვრებელს აერთიანებს. აქ მოსახლეობა სხვადასხვა საკითხის განსახილველად, განსაკუთრებით სოფლის სტუმრებთან ერთად, ხშირად იკრიბება. 6 ივლისს სოფლის 50-მდე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მათ შორის ვაჟები და გოგონები, მუნიციპალიტეტის შენობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ქართველ მორაგბეებთან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

დისკუსია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე; ფოტო: სათემო ფონდი "ნეფა"
დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენებით გაიხსნა. რეჟისორ ზურაბ ინაშვილის ფილმი 2014 წელს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული. იგი ოჯახში ძალადობის მსხვერპლების რეალურ ისტორიებს, მათ შორის მეუღლეების მიერ სასტიკად მოკლული ქალების ამბავს ასახავს. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი „ქალთა წლად“ გამოაცხადა და ხაზი გაუსვა ქალთა უფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობას.

„ამ ფილმის ჩვენებისას, ჩვენი განზრახვა თქვენი შეშინება არ ყოფილა. გვსურს, გაგიზიაროთ ქალების რეალური ისტორიები, რომლებიც ძალადობას იმ ადამიანების ხელით ემსხვერპლნენ, რომელთაც ისინი ყველაზე მეტად უნდა ენდობოდნენ და ეყრდნობოდნენ. შესაძლოა, იცნობდეთ კიდეც ქალებს ან გოგოებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში არიან. ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ძალადობის შეჩერებასა და ადამიანის ძირითადი უფლების - ძალადობისაგან თავისუფალი სიცოცხლის უფლების დაცვაში“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

„როდესაც ჩვენ ძალადობის შემთხვევების მომსწრე ვხდებით, ვიცით მათ შესახებ და არაფერს ვაკეთებთ, პრაქტიკულად თანამონაწილეები გამოვდივართ. ჩვენი, მთლიანი საზოგადოების როლი ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახში ძალადობა ყველას გვეხება“,- დასძინა გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპეციალისტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში, ვეტერანმა მორაგბემ ნოდარ ანდღულაძემ.

რა იწვევს ოჯახში ძალადობას, რა ფორმები აქვს მას, რა მდგომარეობაა ამ კუთხით ერგეტაში, როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამგვარ ფაქტებზე და როგორ ესახებათ ადგილობრივებს გამოსავალი არსებული ვითარებიდან - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ერგეტას მცხოვრებლებმა იმსჯელეს.

ისევე, როგორც სხვა სოფლებში, სადაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ შეხვედრებს ატარებს, ერგეტაშიც ერთ-ერთ ყელაზე მწვავე გამოწვევად თავად პრობლემის აღიარება დასახელდა. რამდენიმე მონაწილემ დაადასტურა, რომ ქალები ძალადობაზე არ საუბრობენ და სხვებიც ინდიფერენტულები არიან ამ პრობლემის მიმართ. „მეც ვყოფილვარ ასეთი ძალადობის შემსწრე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი გავაკეთე. ვერ ჩავერიე, თავი შევიკავე. ვიფიქრე, რომ ეს ოჯახის საქმეა-თქო. ჩემსავით ბევრია. არადა, არ უნდა ვიყოთ ასე“,- ასეთი იყო ერთ-ერთი დამსწრის მოსაზრება.

„ესაუბრეთ მეგობრებსა და ნაცნობებს ამ თემაზე. შეიძლება იმ მომენტში კატეგორიულად შეგეწინააღმდეგონ კიდეც და არ დაგეთანხმონ, მაგრამ დამიჯერეთ, თანდათან, თუკი პრობლემის არსს სწორად აუხსნით, მიხვდებიან, რომ მართალი ხართ“,- აღნიშნა ცნობილმა ბორჯღალოსანმა მერაბ კვირიკაშვილმა.

დისკუსია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე; ფოტო: სათემო ფონდი "ნეფა"
„ქალები იმაზე ფიქრობენ, თუ რას იტყვის ხალხი მათზე. არ უნდა იყოს ასე. ქალებმა საკუთარ თავსა და შვილებზე უნდა იფიქრონ. ჩვენთან ეს დიდი პრობლემაა. ასევე პრობლემაა ხალხის ცნობიერებაც, რომელიც ძალიან დაბალია: როცა ქალზე ძალადობენ და ის ოჯახიდან მიდის, საზოგადოება რატომღაც მას ამტყუნებს“,-განაცხადა დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილე გოგომ. ამ თემაზე საკუთარი შეხედულება შეხვედრაზე მყოფმა ახალგაზრდა ვაჟებმა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ როცა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ამის შესახებ აუცილებლად უნდა თქვას, რადგან პრობლემის მოგვარება სწორედ ასე იწყება: „ქალმა პირველივე შემთხვევა არ უნდა მოითმინოს. პირველივე შემთხვევაზე უნდა თქვას, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. თუ ოჯახი მხარს არ დაუჭერს, შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდეს და დახმარება ითხოვოს“,-აღნიშნა ერთ-ერთმა ვაჟმა.

დამსწრეებმა განსაკუთრებული ყურადღება ნაადრევ ქორწინებაზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ხშირად ოჯახში არსებული ძალადობის გამო, გოგოები გამოსავალს ქორწინებაში ხედავენ. ფიქრობენ, რომ ამგვარად დააღწევენ თავს ძალადობრივ გარემოს, გაექცევიან მას, თუმცა ზოგჯერ უარეს სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე. საუბარი შეეხო მშობლების როლსაც, რომლებიც ხშირად ძალადობის მსხვერპლ შვილებს მხარს არ უჭერენ და მათ, ძალადობის შემთხვევაშიც, ოჯახის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

სამეგრელო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით ერთ-ერთი პრობლემური რეგიონია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში“ მიხედვით, აღნიშნულ რეგიონში რესპონდენტების 70.6%-ს ოჯახში ძალადობა გავრცელებულ პრობლემად მიაჩნია, 25.5%-ს აქვს შიში, რომ ეს შეიძება მის ახლობელს შეეხოს, 55.1% კი პირადად იცნობდა მსხვერპლს, თუმცა მხოლოდ 54.4%-ს მიაჩნია, რომ, ძალადობის შემთხვევაში, ქალი ქმარს უნდა გაშორდეს. ძალადობის მოთმენა ყველაზე ხშირად სწორედ სამეგრელოს მოსახლეობისთვის არის მისაღები.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციაასეთი შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 2012 წლიდან, ხშირად საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით ატარებს. ეს დისკუსიები გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ) გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ეგიდით მიმდინარეობს. რეგიონებში გამართული შეხვედრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული მომსახურებების პოპულარიზაციასაც ემსახურება.