2021 წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი თემა: „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2021 წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარ თემად „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ დააანონსა.

2021 წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი თემა: „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“

იგი წარმოაჩენს ქალებისა და გოგოების გლობალურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენ.

2021 წლის მთავარი თემა თანხვედრაშია ქალთა სტატუსის კომიტეტის 65-ე სესიის პრიორიტეტულ საკითხთან „ქალთა სრული და ეფექტიანი მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ძალადობის აღმოფხვრა თანასწორობის მიღწევისა და ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის“, ასევე, წამყვან კამპანიასთან „თანასწორობის თაობა“, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტილების მიღების ყველა სფეროში ქალთა უფლებების გათვალისწინებას, თანაბარ ანაზღაურებას, აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო საქმეების გადანაწილებას, ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრას, ქალთა ლიდერობასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას.

ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, როგორც ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, მზრუნველები, ინოვატორები, თემების ორგანიზატორები და ის სამაგალითო და ეფექტიანი ნაციონალური ლიდერები, რომლებიც პანდემიის დასამარცხებლად იბრძვიან. კრიზისმა ამ ქალების წვლილი და არაპროპორციული სირთულეები წარმოაჩინა.

ქალმა ლიდერებმა და ქალმა ორგანიზატორებმა აჩვენეს, თუ როგორ შეუძლიათ საკუთარი უნარების, ცოდნისა და კავშირების ეფექტიანი გამოყენება პანდემიის საპასუხო და აღდგენით ღონისძიებებში. დღეს, როგორც არასდროს, აღიარებულია, რომ ქალებს მათი განსხვავებული გამოცდილებებით, შეხედულებებითა და უნარებით შეუცვლელი წვლილი შეაქვთ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, იმ პოლიტიკებსა და კანონმდებლობაში, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის სასიკეთოა.

იმ ქვეყნების უმეტესობას, რომლებმაც პანდემიის შეკავების, ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე რეაგირების კუთხით წარმატებას მიაღწიეს, ქალი ლიდერები მართავენ. მაგალითად, დანიის, ეთიოპიის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ახალი ზელანდიისა და სლოვაკეთის რეაგირების ღონისძიებებმა ოპერატიულობის, გადაწყვეტილების მიღებისა და ეფექტიანობის კუთხით ფართო აღიარება მოიპოვა. ასევე ხაზგასმული იყო ის კომუნიკაციაც, რომელიც მათ თანაგანცდაზე, ფაქტებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნობებზე დამყარებით აწარმოეს.

თუმცა, ქალები სახელმწიფოებისა და მთავრობების სათავეში მსოფლიოს მხოლოდ 20 ქვეყანაში დგანან. [1]

იმ არსებულ სოციალურ და სისტემურ ბარიერებს, რომლებიც ქალებს ლიდერობაში უშლის ხელს, პანდემიამ ახალი წინააღმდეგობები დაუმატა. მთელ მსოფლიოში ქალები ოჯახში ძალადობის გაზრდილ მაჩვენებელს, აუნაზღაურებელი ზრუნვის ტვირთს, უმუშევრობასა და სიღარიბეს აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალები დასაქმებულთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ, ისინი არაპროპორციული რაოდენობით არიან COVID-19-ის პოლიტიკის ეროვნულ და გლობალურ სივრცეებში.

ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა ლიდერობის პოტენციალის სრული რეალიზებისთვის, პანდემიაზე რეაგირებისა და მზადყოფნის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ქალებისა და გოგოების ინტერესების გათვალისწინება შესაბამისი პროგრამებისა და პოლიტიკების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში - ყველა სფეროში და ყველა ეტაპზე.

დამატებითო ინფორმაცია 2021 ქალთა საერთაშორისო დღის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზე თარიღის მოახლოებისთანავე გამოქვეყნდება. ჰეშთეგები სოციალური მედიისთვის: #IWD2021 და #International WomensDay.

შენიშვნები

[1] მონაცემები 2020 წლის 8 ნოემბრისთვის. აღნიშნული მონაცემები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაეროს მუდმივი წარმომადგენლობების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგება და მხოლოდ ხელისუფლების არჩეულ მეთაურებს ითვალისწინებს.