საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვები ზღაპრების კრებულს „იყო ერთი გოგო“ ეცნობიან
თარიღი:
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - კახეთსა და გურიაში მცხოვრებ ბავშვებს წარუდგინა.
4, 5 და 6 დეკემბერს საგარეჯოში, წნორში, დუისსა (კახეთი) და ოზურგეთში (გურია), 5-14 წლის 150-მდე ბავშვი კრებულს „იყო ერთი გოგო“ გაეცნო და მასში შესული ზღაპრების ავტორების ნაწილსაც შეხვდა. მწერლებმა ნინია სადღობელაშვილმა და პაატა შამუგიამ პატარებს ზღაპრები წაუკითხეს და კრებულის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შემდეგ კი ყველა მათგანს საჩუქრად წიგნები გადასცეს.
„მომეწონა, რომ ზღაპარში თანასწორობა იყო ნაჩვენები. ეს დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიოსთვისაა პრობლემა. ფიქრობენ, რომ ქალმა არ შეიძლება იბრძოლოს. არადა, როგორც კაცებს, ქალებსაც შეუძლიათ ბრძოლა. თუმცა, მირჩევნია, რომ ომი საერთოდ არ იყოს“ , - ასეთი იყო 12 წლის დუისელი ანზორ ცისკარიშვილის შთაბეჭდილება ქართველი ისტორიული სახალხო გმირისა და ცნობილი მეომრის, მაია წყნეთელის შესახებ დაწერილი ზღაპრის მოსმენის შემდეგ.
თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული - „იყო ერთი გოგო“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მიმდინარე წლის ზაფხულში გამოიცა. იგი 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება.
„ჩემთვის, როგორც ავტორისა თუ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ პროექტში მონაწილეობა. ყოველი შეხვედრა ერთმანეთზე საინტერესო და დამაფიქრებელი იყო. ქალების ძლიერებაზე, საზოგადოებისა და სამყაროს პროგრესის წინაშე მათ უპირობო როლზე ბავშვებთან საუბარი ხომ ყველაზე ბუნებრივად ზღაპრებით შეიძლება. ჩვენც სწორედ ამ ხერხით მოვყევით ქალებზე, რომლებმაც თავიანთი საქმით ყველა სტერეოტიპი თუ წინააღმდეგობა დაძლიეს და გამარჯვების მაგალითებად იქცნენ”, - აღნიშნა მწერალმა ნინია სადღობელაშვილმა.
კახეთში შეხვედრები გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად გამართული საგანმანათლებლო ტურნეს მიმდინარეობისას, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გურიაში კი შეხვედრა პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. სამომავლოდ ანალოგიური შეხვედრების ჩატარება სხვა რეგიონებშიც იგეგმება.