გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინკლუზიური სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ქალების მომზადებას იწყებს

თარიღი:

2020 წელს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მიღებიდან 20 წელი გადის, თუმცა სამშვიდობო პროცესებსა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის გათვალისწინება კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს.

როლური თამაშის დროს ტრენინგის მონაწილეები სამშვიდობო მოლაპარაკებებში გენდერული საკითხების გათვალისწინებაზე მსჯელობენ
როლური თამაშის დროს ტრენინგის მონაწილეები სამშვიდობო მოლაპარაკებებში გენდერული საკითხების გათვალისწინებაზე მსჯელობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ამავდროულად, კვლევების მიხედვით, თუ სამშვიდობო პროცესებში ქალები ერთვებიან, 35%-ით იზრდება ალბათობა, რომ მშვიდობა მინიმუმ 15 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო სამშვიდობო ხელშეკრულებები, რომლებიც ქალების მიერაა ხელმოწერილი, უფრო ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მათი ჩართულობა სწორედ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვისაა მნიშვნელოვანი.

ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების უზრუნველყოფისა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიზნით, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას კონფლიქტის გენდერულ ანალიზზე ცნობიერების ამაღლება და მედიატორი ქალების მომზადება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით იგი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნული პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია ერთობლივი სამდღიანი სატრენინგო კურსი, რომლის საპილოტე ვერსია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მშვიდობისა და კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე 19-მა თანამშრომელმა გაიარა.

რას ნიშნავს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესი, მოლაპარაკებები და გენდერული პერსპექტივა? - ამ საკითხებთან ერთად, მონაწილეებმა კონფლიქტის გენდერულ ასპექტებზე იმსჯელეს და განიხილეს, თუ როგორ უნდა გაითვალისწინონ გენდერული პერსპექტივა ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს. საპილოტე ტრენინგს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე და ამავე დეპარტამენტის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი უძღვებოდნენ.

როგორც ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, იზა კასრელიშვილმა აღნიშნა, სამშვიდობო პროცესებში დღესდღეობით არსებული გენდერული დისბალანსის გათვალისწინებით, აუცილებელია, გენდერული პერსპექტივის გათვალისწინების მნიშვნელობა გვესმოდეს. „ტრენერებმა, რომლებსაც ამ მხრივ მუშაობის დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, კონფლიქტების დროს მოლაპარაკების სწორად წარმართვის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა გაგვიზიარეს და ამ პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე მათი ჩართულობის უზრუნველყოფის რეალური მნიშვნელობა დაგვანახეს“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი კურსს კონფლიქტების და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე უწყებების თანამშრომლებს რეგულარულად შესთავაზებს.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.