ჩემი გადმოსახედიდან: „ტექნოლოგიებში ქალებისა და კაცების შესაძლებლობები თანაბარია“

თარიღი:

ნინო ნანიტაშვილი 18 წლის იყო, როცა Google-ს დეველოპერების ჯგუფი ჩამოაყალიბა. გუნდის ერთადერთმა გოგომ Women Techmakers დააფუძნა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა დაიწყო. ნინო ახლა 26 წლისაა და თავის გუნდთან ერთად ჰაკათონებსა და ბანაკებს აწყობს, რათა გოგოებმა საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტები შექმნან და თავიანთი შესაძლებლობების ირწმუნონ. ამჟამად ნინო გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რაც ქვეყნის 5 რეგიონში 100-ზე მეტი გოგოს ციფრულ უნარებში დატრენინგებასა და მათი კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაზრდას გულისხმობს.

Nino Nanitashvili
ნინო ნანიტაშვილი; ფოტო: სოფო ჩილინდარაშვილი
Quote

როცა პროფესიას ვირჩევდი, არც კი ვიცოდი, რომ შემეძლო ტექნოლოგიებში ან ინჟინერიაში წავსულიყავი. გარშემოც არავინ მყავდა ისეთი, ვინც ამას მეტყოდა, ამიტომ სოციოლოგიაზე ჩავაბარე. დღესაც ბევრმა გოგომ არ იცის, რომ ტექნოლოგიების პროფესიად არჩევა შეუძლია.

18 წლის ვიყავი, როცა სხვა მოხალისეებთან ერთად Google-ს თბილისის პროგრამისტების ჯგუფი (GDG) ჩამოვაყალიბე. მაშინ ორგანიზატორებს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი და აქტივობებშიც სულ ბიჭები მონაწილეობდნენ. აქედან გაჩნდა Women Techmakers-ის იდეაც: ღონისძიების, რომელიც IT სფეროში მეტი ქალის ჩართულობასა და წახალისებას ისახავს მიზნად. პირველად ის 2013 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ტრადიციულად მარტში იმართება ხოლმე. ვიწვევთ ქალებსა და გოგოებს, რომლებიც ამ სფეროში წარმატებულები არიან და სხვებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, შთაგონებას აძლევენ. ვაწყობთ ჰაკათონებს, სადაც გოგოები ტექნოლოგიურ პროდუქტს, თუნდაც ელემენტარულს, თვითონ ქმნიან და რწმუნდებიან, რომ ეს საქმე მართლაც შეუძლიათ. თანაც, Women Techmakers-ს ბიჭებიც ესწრებიან და მხარს უჭერენ მათ. ისინიც ხედავენ, რომ ტექნოლოგიებში ქალებისა და კაცების შესაძლებლობები თანაბარია, რომ ეს ნეიტრალური პროფესიაა: კაცებისაც და ქალებისაც.

ტექნოლოგიები თემებსა და ადამიანებს აერთიანებს. 21 საუკუნეში უკეთესობისკენ ცვლილებებისთვის საუკეთესო და ეფექტური იარაღი სწორედ ტექნოლოგიებია. ამაში 2 წლის წინ თავადაც დავრწმუნდი, როდესაც მშვიდობის თამაშის იდეა რეალობად იქცა. თავიდან ცოტა გიჟური ჩანაფიქრი იყო: მე და პროექტის სხვა მონაწილეებს აფხაზი და ქართველი მოზარდების დაახლოება გვსურდა: იმ თაობის წარმომადგენლების, რომლებსაც ერთმანეთი არასდროს უნახავთ, ამიტომ ვიფიქრეთ, რაღაც ახალი გვეცადა. მოზარდები ხომ ძირითადად ყველგან ერთნაირები არიან და მათ უმეტესობას ქსელური თამაშები მოსწონს? ამიტომ ისეთი ვირტუალური სივრცის შექმნა გადავწყვიტეთ, სადაც ისინი თამაშის პარალელურად დამეგობრებასაც შეძლებდნენ. მოთამაშეთა ჯგუფები შერეული წევრებით დაკომპლექტდა: აფხაზი და ქართველი მოზარდები თანაგუნდელები იყვნენ და მოგებისთვის მათ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდათ. როცა 6 თვის შემდეგ თამაში დასრულდა, მონაწილეთა ემოციებით მივხვდით, რომ თამაშმა გაამართლა.

შემდეგ განვახორციელეთ პროექტი, რომელიც საქართველოს 10 რეგიონულ ქალაქში მოზარდებისთვის პროგრამირების სწავლებას გულისხმობდა. ახლაც მსგავს ინიციატივას ვახორციელებთ: 5 რეგიონში ახალგაზრდებს პროგრამირების საფუძვლებსა ვუზიარებთ, ჩაგვყავს სპიკერები, რომლებიც მონაწილეებს შთაგონებას აძლევენ. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი IT-ში გოგოების გაძლიერებაა, ამიტომ ჩვენი მოთხოვნით, მონაწილეთა ნახევარი გოგოა. დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ციფრული უთანასწორობა მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიებით გოგოები რეგიონებშიც დაინტერესდნენ და ჩემგან განსხვავებით გოგოებმა, რომლებიც პროფესიას ახლა ირჩევენ, იცოდნენ, რომ ტექნოლოგიები მათი პროფესიაცაა.


SDG 5: Gender equality

როგორც Women Techmakers-ის ელჩი და ,,ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის“ დირექტორი, ნინო აქტიურ მონაწილეობას ღებულობს STEM-ში ქალთა ჩართულობის გაზრდაში, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და სტერეოტიპების მსხვრევაში. მის საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის მიღწევაში, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ყველა ქალისა და გოგოს გაძლიერებას გულისხმობს.