გაეროს ქალთა ორგანიზაცია უსაფრთხოების სექტორს სქესის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვება-ანალიზში ეხმარება

თარიღი:

საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მხადაჭერის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სქესის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საკითხებზე, უსაფრთხოების უწყებებისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებისთვის ორდღიანი სემინარი გამართა.

სექსის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვება-ანალიზის საკითხებზე გამართული ტრენინგის მონაწილეები; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სემინარი 2016 წლის 24-25 ნოემბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტების წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრას ესპანეთის თავდაცის სამინისტროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ, რომლებმაც დამსწრეებს გამოცდილება გაუზიარეს და უსაფრთხოების სექტორში სქესის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის კუთხით საერთაშორისო პრაქტიკა გააცნეს.

„სქესის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემის შემოღება საქართველოს მთავრობის მიერ 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია და მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

მიუხედავად იმისა, რომ 2016-2017 წლების 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმა უსაფრთხოების სექტორში სქესის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემის დანერგვას ითვალისწინებს, ამ დრომდე ეს საკითხი შესწავლილი არ ყოფილა. სამუშაო შეხვედრა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა ადამიანური რესურსების დეპარტამენტების წარმომადგენელთათვის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ასევე, მათი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას სქესის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვება-ანალიზის მეთოდებსა და სისტემებზე.

„ჩვენი არსებული სისტემები უკვე გვაძლევს შესაძლებლობას, პერსონალის დაქირავების, სწავლების, დაწინაურებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სქესის მიხედვით კლასიფიცირებული მონაცემები შევაგროვოთ, მაგრამ ამ მონაცემთა სისტემატიზაციისა და ანალიზისთვის დამატებითი სამუშაო და რესურსებია საჭირო. სამუშაო შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო, რათა დაგვეწყო ფიქრი, თუ როგორ შეგვიძლია მონაცემთა ანალიზის გაუმჯობესება და მისი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის გამოყენება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელმა თათია ჭიკაიძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია გეგმავს, შესაძლებლობათა გაძლიერებისა და ტექნიკური დახმარების გაწევით, უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა სქესის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემების დანერგვაში მომავალშიც გააგრძელოს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებას.