ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში 2016 წელს

თარიღი:

2016 წლის 4-6 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, ფონდ „ნოოსფერასთან“ პარტნიორობით, დოკუმენტური ფილმების ფესტივალს “ქალი კადრში“ უმასპინძლებს. ღონისძიება ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვას ეძღვნება და ქალთა საერთაშორისო დღესთან (8 მარტი) დაკავშირებით იმართება.

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი "ქალი კადრში"; ფოტო: UN Women/Noosfera Foundation
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1975 წლის 8 მარტს დაიწყო, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად იყო გამოცხადებული. ორი წლის შემდეგ, 1977 წლის დეკემბერში, გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც წევრ ქვეყნებს წელიწადის ნებისმიერ დღეს „გაეროს ქალთა უფლებების და საერთაშორისო მშვიდობის დღე“ თავიანთი ისტორიული და ეროვნული ტრადიციების შესაბამისად უნდა აღენიშნათ.

ქალთა საერთაშორისო დღე სათავეს შრომითი მოძრაობიდან იღებს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მეოცე საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა. ამ ადრეული წლების შემდეგ ქალთა საერთაშორისო დღემ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში ახალი გლობალური განზომილება შეიძინა. გაეროს მიერ ორგანიზებული ოთხი გლობალური კონფერენციით ქალთა საერთაშორისო მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდა და ამ დღის აღნიშვნა ქალთა უფლებების დაცვის, ასევე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ არენაზე მათი მონაწილეობის მხარდასაჭერის ათვლის წერტილი გახდა.

„ქალთა საერთაშორისო დღე“ დროსთან ერთად ის თარიღი ხდება, როცა მიღწეულ პროგრესს ვაანალიზებთ, ცვლილებისკენ მოვუწოდებთ და საზეიმოდ აღვნიშნავთ იმ ჩვეულებრივი ქალების გამბედაობით და სიმტკიცით განხორციელებულ ქმედებებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნებისა და საზოგადოებების ისტორიაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს.