
სოციალური დაცვის სისტემის შეფასება სომხეთში

სოციალური დაცვის სისტემის შეფასება სომხეთში განხორციელდა ცხოვრების ციკლის მიდგომის მიხედვით და სოციალური დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციების, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური უსაფრთხოების (მინიმალური სტანდარტების) კონვენციისა (1952, No. 102) და სოციალური დაცვის ზღვრების რეკომენდაციების (2012, No. 202) გათვალისწინებით. სოციალური დაცვის ზღვრები ოთხ არსებით გარანტიას იძლევა. ესენია: (1) ჯანმრთელობის დაცვის ძირითად სერვისებზე, ორსულობისა და მშობიარობის დახმარების ჩათვლით, ხელმისაწვდომობა; (2) ბავშვების შემოსავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოჯახებისა და ბავშვების დახმარების მეშვეობით; (3) მინიმალური შემოსავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათთვის, ვისაც არ შეუძლია, საკმარისი შემოსავალი ჰქონდეს და (4) ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის პენსიაზე ხელმისაწვდომობა. სოციალური დაცვის პოლიტიკა არსებით სიკეთეებსა და სერვისებზე ეფექტიან წვდომაში უნდა უწყობდეს ხელს ადამიანებს და სხვა ისეთ ღონისძიებებთან ერთად უნდა ხორციელდებოდეს, რომლებიც დასაქმების გაუმჯობესებას, არაფორმალურობისა და არასანდოობის შემცირებასა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.
შეფასება გამოყოფს სოციალური დაცვის სისტემის იმ სფეროებს, რომელთა გაძლიერებაა მიზანშეწონილი, გენდერულ თანასწორობაზე განსაკუთრებული აქცენტით და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეროვნული სოციალური დაცვის მინიმალური ნორმების მნიშვნელობას, ადამიანთა დასაცავად ცხოვრების ციკლისა და უეცარი შოკით გამოწვეული სხვადასხვა საფრთხის შემთხვევაში.
პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.