ღია კარის დღე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებზე: კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გაეროს სისტემის დიალოგი კონფლიქტების პრევენციასა და სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ

თარიღი: ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

უკვე მეოთხე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, გაეროს განვითარების პროგრამასა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, თბილისში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს.

Internally displaced woman sharing her experiences
დევნილი ქალი გაეროს წარმომადგენლებს კონფლიქტის შედეგად მიღებულ გამოცდილებას უზიარებს; ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

წლევანდელ ღია კარის დღეზე ქალთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დევნილები, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზების მიმდებარედ, ასევე ქვემო ქართლის სოფლებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ქალები შეიკრიბნენ. 50-ზე მეტმა მონაწილემ გაეროს წარმომადგენლებთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების განხორციელებაში მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

საქართველო პირველი ქვეყანა იყო სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის განსახორციელებლად ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო. მაგრამ, როგორც მისი განხორციელების მონიტორინგმა აჩვენა, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ზოგიერთი პრობლემა მოუგვარებელია. მათ შორისაა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაცია, კონფლიქტის პრევენციის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ადეკვატური რესურსების გამოყოფა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ქალების მონაწილეობის მექანიზმის ინსტიტუციონალიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლის მამუკა გაჩეჩილაძის თქმით, „ეს არის წინაპირობები, რათა სამშვიდობო პროცესებსა და გადაწყვეტილებათა მიღებაში ქალების მონაწილეობა შედეგიანი იყოს და ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება თითოეული ქალის ცხოვრებაზე დადებითად აისახოს“.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა და ელჩმა ანტი ტურუნენმა გადაწყვეტილებების მიღებასა თუ სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობა და გაეროს სისტემის მიმდინარე რეფორმისთვის გენდერული თანასწორობის განსაკუთრებული როლი საგანგებოდ აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა (რომელიც2008 წლის კონფლიქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული შედეგების მოსაგვარებლად მედიაციის მრავალმხრივ ფორუმს წარმოადგენს) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებში გენდერული პერსპექტივის ჩართვის საჭიროება არსებობს.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა გაეროს სისტემის მხრიდან გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პოზიტიურ მიღწევებზე, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გაწეულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების განხორციელებაში მთავრობის ტექნიკურ დახმარებაზე, ქალებს, მთავრობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს შორის რეგულარული დიალოგისთვის ფორუმების შექმნაზე. ნილს სკოტმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ სამუშაო კვლავაც ბევრია, რადგან გაეროს მხრიდან ადვოკატირებისა და ტექნიკური დახმარების მიუხედავად, ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ბიუჯეტის გამოყოფა არ მოხდა, ხოლო გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და თემების მოთხოვნა, რომ მათ საგანგებო საჭიროებებს მიზნობრივი პროგრამებისა და მომსახურებების მეშვეობით მეტი ყურადღება დაეთმოს, სრულად დაკმაყოფილებული არ არის.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, გაეროს განვითარების პროგრამასა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ღია კარის დღეებს ყოველწლიურად მართავს. ქალთა მიერ ღია კარის დღეზე გაზიარებული დასკვნები და რეკომენდაციები საფუძვლად დაედება ადვოკატირების შემდგომ საქმიანობას და გაეროს სისტემის მიერ ქართველი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხვორები, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის, გაწეულ ტექნიკურ დახმარებას, გაეროს შესაბამისი სააგენტოების, პროგრამების, ფონდებისა და უწყებების მანდატების, მდგრადი განვითარებისთვის გაეროს პარტნიორობისა და ქვეყნის კონტექსტზე მორგებული მდგრადი განვითარების მიზნების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality