ჟენევის მოლაპრაკებებში ქალთა ჩართულობა და მათ საჭიროებებზე მუშაობა კვლავაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

თარიღი: პარასკევი, 20 ივლისი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის რეგულარული შეხვედრები გრძელდება. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ინფორმაციის გაზიარებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას ემსახურება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის გამართული შეხვედრა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის გამართული შეხვედრა; ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

20 ივლისს, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანაორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, ზემოაღნიშნული უწყებების, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, სახალხო დამცველის აპარატის, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის ძირითადი შედეგების შესახებ იმსჯელეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ თავის გამოსვლაში 2008 წლის კონფლიქტიდან 10 წლის თავზე ადგილზე არსებული ვითარება და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა შეაჯამა. საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა აქტიურ ჩართულობასა და ქალთა საჭიროებებზე მუშაობას როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა „ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებისა და, ზოგადად, სამშვიდობო პროცესებში ქალთა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ქეთევან ჭუმბაძემ ყურადღება შეხვედრების ფორმატის გაუმჯობესებასა და მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა: „თავდაპირველად ამ ტიპის შეხვედრებს მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ. სასიხარულოა, რომ დღეს სამშვიდობო მოლაპრაკებებში ქალთა ჩართულობაზე კაცებიც საუბრობენ, ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ჟენევის მოლაპრაკებებში, გაეროს გენერალური მდივნის ინიცირებით, ქალი თანათავმჯდომარე, აიშე ჯიჰან სულთანოღლი, გვეყოლება, რომელიც საქმიანობას შემდგომი რაუნდიდან შეუდგება“, - განაცხადა ქეთევან ჭუმბაძემ.

ახალი, ქალი თანათავმჯდომარის დანიშვნა წარმატებად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელძღვანელმა ელენე რუსეცკაიამაც: „ჩვენი სურვილი და ინიციატივა იქნება, რომ სამომავლოდ, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად, ახალ თანათავმჯდომარეს შევხვდეთ. ასევე, რეკომენდაციის სახით ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია, დღევანდელი შეხვედრის მსგავს ფორმატში უფრო მკაფიოდ ისმოდეს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ხმა“, - აღნიშნა მან.

შეხვედრა „ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციისა და შემდგომი რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გეგმა საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლის 17 აპრილს დაამტკიცა და მის ერთ-ერთ პრიორიტეტს სამშვიდობო და კონფლიქტის მოგვარების პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენს.

გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის 15 ოქტომბრიდან, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, წელიწადში ოთხჯერ იმართება. დისკუსიები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში ტარდება: ერთი მათგანი - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საკითხებზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality