სათემო ფონდები „ნეფა“ და „ეგრისი“ ხელს უწყობენ თემებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამა, საქართველოში მისი წარმომადგენლის ერიკა კვაპილოვას ხელმძღვანელობით, 5-6 ივლისს სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი სათემო ფონდების წარმომადგენლებსა და მოხალისეებს შეხვდა. სათემო ფონდები „ნეფა“ და „ეგრისი“, რომლის წევრებიც უმეტესად აფხაზეთიდან დევნილი ქალები არიან, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით, 2013 წელს შეიქმნა. ფონდები ძირითადად ნორვეგიისა და შვედეთის მთავრობების მიერ ფინანსდება. დაარსების დღიდან მათ სხვადასხვა ინიციატივა განახორციელეს და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

შეხვედრა სათემო ფონდ "ნეფას" წარმომადგენლებთან; ფოტო: "ნეფა"
სათემო ფონდი „ეგრისი“ ხელს უწყობს მოხალისეების საქმიანობას კოკში, ორსანტიაში, რუხში, რიყეში, შამგონაში, ოქტომბერში, ცვანეში, დარჩელში, კიროვში, ერგეტასა და ტყაიაში. ადგილობრივი მოხალისეები საზოგადოებრივ სივრცეს ასუფთავებენ, ხეებს რგავენ და ადრეული ქორწინებების პრევენციის საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობენ. ამას გარდა, მათ კოკში, ორსანტიასა და რუხში ამბულატორიული კლინიკები შეაკეთეს და ისინი საბაზისო სამედიცინო ინვენტარით აღჭურვეს. „ეგრისმა“ სათამაშოებით, წიგნებითა და ავეჯით კოკისა და ორსანტიას საბავშვო ბაღები მოამარაგა. ასევე, ფონდის ინიციატივით, ორსანტიაში მარიონეტების დასამზადებლად და ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ბავშვების გასართობად მოზარდებისთვის თოჯინების საახელოსნოც გაიხსნა.

„ყოველთვის ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ ხალხს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ამჟამად პროექტს „სოფლის სახლი“ ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც ორსანტიელებს ვეტერინარი და აგრონომი საქონლის, ფრინველისა და ბაღების უკეთ მოვლას ასწავლიან. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს არა მარტო მოსავლის მიღება, არამედ გარემოს მოფრთხილებაც. ამას გარდა, კოკსა და ორსანტიაში მცხოვრები ქალებისთვის 5 მცირე სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის დაარსებას ვგეგმავთ. ვიმედოვნებთ, რომ კოოპერატივებში მუშაობა მათ შემოსავალს გაზრდის და ცხოვრებასაც გააუმჯობესებს. ბევრია აქ ღარიბი, თუმცა მუშაობის სურვილი აქვთ“,- ამბობს სათემო ფონდ „ეგრისის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯიჭონაია.

შეხვედრა მოხალისეებთან; ფოტო: "ნეფა"
„ნეფა“ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე რამდენიმე სოფელში ძირითადად ქალთა უფლებების, ქალთა ლიდერობისა და ახალგაზრდების მობილიზაციის კუთხით საქმიანობს. სათემო ფონდ „ნეფას“ დამფუძნებლები ნინო ყორშია და მაია ფიფია დარწმუნებულები არიან, რომ ქალები და ახალგაზრდები ცვლილებების სათავეში დგანან და თემების პოზიტიურ ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ფონდმა უკვე განახორციელა ქალებისა და ახალგაზრდების მობილიზაციის, თემის წევრების სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდისა და სოფლებს შორის სოციალური კავშირების გამყარებისკენ მიმართული 16 პროექტი. მათი ორგანიზებით სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ლიდერთა სკოლა მოეწყო, შშმ ბავშვებისთვის მეტი საზოგადოებრივი სივრცე გახდა ხელმისაწვდომი, ადგილობრივი მასწავლებლის დახმარებით, ინკლუზიურ განათლებაში ტრენინგები განხორციელდა, წყლის გამოყენებასა და უსაფრთხოებაზე, ასევე, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვან ტოლერანტობაზე საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, თუმცა „ნეფას“ საქმიანობა ამით არ დასრულებულა. ფონდში იციან, რომ ხელოვნება და კულტურა ადამიანებს ყველაზე უკეთ აახლოებს, ამიტომ მათ პოპულარული სახალხო დღესასწაული „ანაობა“ ფესტივალით აღნიშნეს და აფხაზურ-ქართული კულტურის ტრადიციების მრავალფეროვნება წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ „ნეფას“ საქმიანობა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით დაიწყო, სხვა დონორებთან თუ კერძო კომპანიებთან მუშაობით გაგრძელდა. ფონდის პარტნიორები სხვადასხვა დროს იყვნენ: ევორკავშირი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს ბანკი და ა.შ. ნინო ყორშიამ განსაკუთრებით მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ჩვენ ოთხივე სოფელში გამოვიკვლიეთ საჭიროებები თუ პრობლემები. აქტივობებიც მათზე დაყრდნობით დაიგეგმა და განხორციელდა. დონორებთან მჭიდრო პარტნიორობისა და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გარეშე მიზნების მიღწევა შეუძლებელია“,- განაცხადა მან.

ფონდ „ნეფას“ მიაჩნია, რომ მათი საქმიანობის მასშტაბების გაზრდა და გააქტიურება სხვების ჩართულობითაა შესაძლებელი. ავსტრალიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ფონდი თვითდახმარების ჯგუფებზე ათას ლარამდე მცირე გრანტებს 4 სოფელში - ანაკლიაში, ცვანეში, ერგეტასა და განმუხურში გასცემს. გრანტების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა.

„შთამბეჭდავია თვალყური ადევნო, თუ როგორ მუშაობენ ერთად ახალგაზრდები და ხანშიშესულები, ქალები (ცხადია, სათავეში!) და კაცები სოფლის ცხოვრების გასაუმჯობესებლად . ისინი ხედავენ პრობლემებს, იკრიბებიან, ერთიანდებიან, ამუშავებენ გეგმას, ხვდებიან მათ, ვისაც აქვს ძალაუფლება თუ რესურსები და არ ნებდებიან, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. ეს ადამიანები შეიძლება ღარიბები იყვნენ შემოსავლის თვალსაზრისით, მაგრამ ისინი მდიდრები არიან იმით, რომ არიან მოტივირებულები და ზრუნავენ მომავალ თაობაზე“ ,- აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

ამჟამად „ნეფა“ და „ეგრესი“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სოფელ ტყაიაში, ანაკლიასა და ერგეტაში არსებულ ერთ-ერთ საჭრობოროტო პრობლემაზე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე მუშაობენ. მოძველებული ინფრასტრუქტურა, ავარიული ნაგებობა, ავეჯის, სათამაშოებისა და წიგნების უკმარისობა – ეს საბავშვო ბაღის პრობლემების მხოლოდ ნაწილია. არსებული მდგომარეობის გამო, ადგილობრივი ქალები შვილების ბაღებში მიყვანისგან თავს იკავებენ, რაც მათ დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას უშლის ხელს. სათემო ფონდ „ეგრისის“ ძალისხმევით, სოფელ ტყაიას საბავშვო ბაღში სრულად გარემონტდება სამზარეულო და ძირითადი ოთახი, ეზო კი სათამაშოებით მოეწყობა. სათემო ფონდ „ნეფას“ დახმარებით კი, ახალი სათამაშოები და კეთილმოწყობილი ეზო ანაკლიისა და ერგეტას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც დახვდებათ. ამას გარდა, ერგეტას საბავშვო ბაღს განახლებული ფასადი და სამზარეულოს ავეჯიც ექნება. მზრუნველი თემის წევრების ძალისხმევითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ავსტრიის ეროვნული კომიტეტის მიერ კერძო სექტორის დონორებიდან მოგროვილი 7000 ევროს წყალობით, ბავშვები უფრო ბედნიერები და დაცულები იქნებიან, მშობლები კი ნაკლებად იყოყმანებენ, მისცენ თუ არა შვილებს საბავშვო ბაღში თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება.