ჩემი გადმოსახედიდან: „წყლის პრობლემის მოგვარება ქალებს შრომას უმსუბუქებს“

თარიღი:

ესმა გოგლიძე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/იუსტინა მელნიკევიჩი
2008 წლის ომამდე შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა სასმელ წყალს სოფელ ვანათიდან იღებდა. ომის შემდეგ კი ვანათი გამყოფი ხაზის მიღმა დარჩა და წყალი შეგვიწყდა. გაუსაძლისი მდგომარეობა იყო: წვიმის მოსვლას ველოდებოდით ხოლმე, ჟოლობებთან 200 ლიტრიანი ავზები გვედგა, ვისაც ჟოლობი არ ჰქონდა, წყალს მეზობელთან აგროვებდა.

მალე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ჭაბურღილები დაიდგა და წყალი მივიღეთ, თუმცა მისი დეზინფექცია და ხარისხის შემოწმება არ ხდებოდა. 2012 წელს ჰუმანიტარული მისიით ექიმები ჩამოვიდნენ. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდნენ. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს მასობრივად კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდათ, რაც განსაკუთრებით მწვავედ ქალებსა და ბავშვებში იყო გამოხატული. ექიმებმა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად სასმელი წყალი დაადგინეს.

იმ პერიოდში პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში თვითდახმარების ჯგუფები გვქონდა. მეც ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერი და თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. როცა ქალებმა წყლის ხარისხის პრობლემით მომმართეს, განცხადება დავწერე, მოსახლეობის ხელმოწერები შევაგროვე და წყლის დეზინფექცია მოვითხოვე. მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 8 სოფელში ათასობით მაცხოვრებლისთვის წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. მალე ეს ადამიანების ჯანმრთელობაზეც აისახა.

მას მერე წყლის დეზინფექცია სისტემატურად ხდება, სინჯებსაც რეგულარულად იღებენ და ამოწმებენ. შემდეგ წყალთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემა მოვაგვარეთ: სოფელ მეღვრეკისში ახალი ჭაბურღული ავამოქმედეთ, რამაც სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

სოფლებში ხომ ბევრი და შრომატევადი საქმის შესრულება ქალებს უწევთ. ოჯახებშიც მეტი დატვირთვა მათზე მოდის. როცა ოჯახებს წყალი შეუფერხებლად აქვთ, მათ შეუძლიათ სარეცხისა და ჭურჭლის მანქანები გამოიყენონ, შრომა შეიმსუბუქონ და დრო გამოითავისუფლონ, ამიტომ წყლის პრობლემის მოგვარება განსაკუთრებით ქალებისთვისაა მნიშვნელოვანი.

შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისთვის დირექტორის მოადგილე ესმა გოგლიძე გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში თანამშრომლობდა და თვითდახმარების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ესმას საქმიანობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მეექვსე მიზნის მიღწევას, რომელიც წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფას გულისხმობს.