ჩემი გადმოსახედიდან: „მდგრადი ენერგიები განსაკუთრებით ქალებისთვისაა სასარგებლო“

თარიღი:

ნინო გამისონია; ფოტო: ანაბელ ავრილი
განახლებად ენერგიებთან ჩემი შეხება 8 წლის წინ დაიწყო. სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, სადაც ახლაც ვმუშაობ, ერთ-ერთი ის ორგანიზაცია იყო, რომელიც საქართველოში სოფლად მცხოვრები ოჯახების მიერ მზის ენერგიის გამოყენების პროექტში ჩაერთო. სხვა მონაწილეებთან ერთად ტრენინგები გავიარე და მზის წყლის გამაცხელებლის აგება, მოვლა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის შეთავაზება ვისწავლე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ მზე, რომელიც საქართველოში უხვად გვაქვს, შეგვიძლია კარგი მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ამ თემით ძალიან დავინტერესდი. ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მახსოვს, მზის ენერგიის შესაძლებლობებზე ყველას ვუყვებოდი.

შემდეგ მე და ჩემმა კოლეგებმა მიღებული ცოდნისა და ტექნოლოგიების რეგიონებში გავრცელება დავიწყეთ. პრაქტიკულად პიონერები ვიყავით: სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებს ვატარებდით, დაინტერესებული ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფებს ვაყალიბებდით და თან ადგილზე მზის წყლის გამაცხელებელსაც ვაშენებდით. ვაჩვენებდით, თუ როგორ მუშაობდა რეალურად მოწყობილობა და როგორ ცხელდებოდა წყალი გარე ენერგიის გარეშე.

სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, მზის წყლის გამაცხელებლები ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახებში ცხელ წყალს ხომ ყველაზე ხშირად ისინი მოიხმარენ: ძირითადად სწორედ მათ უწევთ სარეცხისა და ჭურჭლის რეცხვა, სახლის დალაგება, სადილის მომზადება და ა.შ. მზის წყლის გამაცხელებელი კი ძალიან კომფორტული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამასთან, ბევრად უფრო ეკონომიურიც. დღესდღეობით საქართველოში სოფლად მცხოვრები ოჯახების წლიური შემოსავალი არც ისე დიდია და ამ შემოსავლის 30% ენერგორესურსებზე იხარჯება. ეს თანამედროვე, იაფი გამაცხელებლები კი ხარჯებს ძალიან ამცირებს. თანაც, საშუალებას იძლევა ამ შემცირების შედეგად დაზოგილი თანხით ქალებმა სარეცხის ან ჭურჭლის მანქანა შეიძინონ და შრომა შეიმსუბუქონ. შრომის შემსუბუქებით კი დროის გამოთავისუფლება და სხვა შესაძლებლობების რეალიზაცია შეუძლიათ. ალბათ ამიტომ, ქალები მზის წყლის გამაცხელებლების დიდი მხარდაჭერები არიან.

ამჟამად ჩემი და ჩემი კოლეგების აქტივობების შედეგად საქართველოში ხუთი ენერგოკოოპერატივია ჩამოყალიბებული. მათი საქმიანობა მზის წყლის გამაცხელებლების აწყობა, რეალიზაცია და განხლებადი ენერგიების პოპულარიზაციაა. ერთ-ერთის წევრი მეც ვარ. მნიშვნელოვანია, რომ წესდების შესაბამისად, ქალები ამ კოოპერატივების წევრთა 40%-ს შეადგენენ და ისინი მართვის ყველა დონეზე არიან წარმოდგენილები. განახლებადი ენერგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდიატორი ნინო გამისონია მზის ენერგიების პოპულარიზაციისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე 2009 წლიდან მუშაობს. ის ამჟამად ერთ-ერთი ენერგოკოოპერატივის “R-სუფთა ენერგიის“ წევრია, რომელიც მზის წყლის გამაცხელებლების აწყობითა და რეგიონებში რეალიზაციითაა დაკავებული. ნინო გამისონია თავისი საქმიანობით ეხმიანება მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზნის მიღწევას, რომელიც ფოკუსირებულია იაფი, საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიის წყაროების ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.