კარგი მმართველობის რეფორმაში გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობას პანელური დისკუსია მიეძღვნა

თარიღი:

პანელური დისკუსიის მონაწილეები კარგი მმართველობის რეფორმაში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ მსჯელობენ. ფოტო: IDFI
პანელური დისკუსიის მონაწილეები კარგი მმართველობის რეფორმაში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ მსჯელობენ. ფოტო: IDFI

კარგი მმართველობის რეფორმის პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საკუთარი მანდატის შესაბამისად, მხარს უჭერს ქვეყანაში ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში გენდერული მეინსტრიმინგის ინტეგრირებას.

აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, 9 თებერვალს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კარგი მმართველობის ფორუმი 2024-ის მიმდინარეობისას, თემატურ პანელს „გენდერული მეინსტრიმინგი კარგი მმართველობის რეფორმაში“ უმასპინძლა. პანელი მიზნად ისახავდა კარგი მმართველობის რეფორმის განხორციელებასა და გენდერულ მეინსტრიმინგს შორის არსებულ კავშირზე ყურადღების გამახვილებას განსაკუთრებული აქცენტით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.

პანელურ დისკუსიაში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი უწევდა ფასილიტაციას, სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პანელის მთავარმა მომხსენებელმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო მრჩეველმა გენდერული მეინსტრიმინგისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში დოლი ვიტბერგერმა ევროკავშირის გენდერული თანასწორობის კანონმდებლობაზე, ასევე, ინტეგრაციის პროცესზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრა. მან განიხილა ის კონკრეტული წინაპირობები, პროცედურები და ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც გენდერული თანასწორობის კრიტერიუმების ეფექტიანი განხორციელებისთვისაა აუცილებელი: “ევროკავშირს აქვს მოლოდინი, რომ კანდიდატი ქვეყნები და პოტენციური კანდიდატები ეტაპობრივად მოვლენ შესაბამისობაში ევროკავშირის გენდერული თანასწორობის კანონმდებლობასთან და მის განსახორციელებლად ინსტიტუციური ჩარჩო ექნებათ“, - აღნიშნა დოლი ვილტბერგერმა.

ამავე დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ფორუმის თემატურ ღონისძიებას „გენდერული მეინსტრიმინგი კარგი მმართველობის რეფორმაში, ევროინტეგრაციის კონტექსტში“ უმასპინძლა. ღონისძიებაზე წარმოდგენილები იყვნენ იმ სამთავრობო უწყებების, საერთაშოროსო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მუშაობენ. ღონისძიებაზე განიხილეს ევროკავშირის გენდერული თანასწორობის კანონმდებლობა, გენდერული მეინსტრიმინგი ევროინტეგრაციის პროცესში, მიდგომები, ინსტრუმენტები და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების წარმატებული პრაქტიკები.

ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსია და თემატური ღონისძიება გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.