საქართველოში პირველად გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის შეფასება ჩატარდა

თარიღი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და საჯარო ფინანსების მართვის გენდერულ ჭრილში (GRPFM) შეფასების ანგარიშები წარადგინა. ფოტო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და საჯარო ფინანსების მართვის გენდერულ ჭრილში (GRPFM) შეფასების ანგარიშები წარადგინა. ფოტო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების საფუძველზე, გენდერული თანასწორობისა და ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის ადეკვატური დაფინანსების შესახებ ვალდებულება აქვს აღებული.

საგულისხმოა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკმა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების პროცესში გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) განსაზღვრისთვის დამატებითი მეთოდოლოგიაც შეიმუშავა, რომელიც ცხრა ინდიკატორს მოიცავს. ამ ინდიკატორების საფუძველზე ფასდება, თუ რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა საჯარო ფინანსების მართვის პრაქტიკა ქვეყანაში.

სწორედ ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქვეყანაში პირველად 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისამდე GRPFM თვითშეფასება განახორციელა და ამ ნაბიჯით საფუძველი ჩაუყარა ანალოგიური შეფასებების სამომავლო ჩატარებასაც. პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით წარიმართა. 20 დეკემბერს მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, ევროკავშირსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების და გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის შეფასების ანგარიშების პრეზენტაცია გამართა.

„სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასება უკვე მეოთხედ განხორციელდა და ნათლად აჩვენებს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ შეფასებასთან ერთად, წელს პირველად განხორციელდა საჯარო ფინანსების მართვის შეფასება გენდერულ ჭრილში. ზემოაღნიშნული შეფასებების საფუძველზე გაგრძელდება საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელება“,- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებები მნიშვნელოვან საფუძველს უყრის გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების ინტეგრირებას საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში. გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება ბევრ ქვეყანაში საჯარო ფინანსების მართვის შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, 80-ზე მეტ სახელმწიფოში ის სხვადასხვა ფორმითაა ინსტიტუციონალიზებული.

GRPFM შეფასება ჩატარდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.