ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ

თარიღი:

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელი აიშე ჯიჰან სულთანოღლუ შეხვედრის მონაწილეებს მიმართავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელი აიშე ჯიჰან სულთანოღლუ შეხვედრის მონაწილეებს მიმართავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ფარგლებში, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღე გამართა.

წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციულად, გაეროს სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ემსახურებოდა. მას ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

შეხვედრის 90-მდე მონაწილეს სიტყვით მიმართეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა, აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა. ამას გარდა, დამსწრეებმა მოუსმინეს მოწვეული სტუმრის, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლისა და ელჩის, ვიორელ მოშანუს მიმართვას.

„სამშვიდობო პროცესებში ქალთა სრული და ეფექტიანი მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ქალები მოლაპარაკებების მაგიდასთან გვიზიარებენ უნიკალურ პერსპექტივებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას, რაც აუცილებელია ხანგრძლივი და ინკლუზიური მშვიდობის მისაღწევად. მათი ჩართვა ხელს უწყობს არა მხოლოდ გენდერულ თანასწორობას, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის სამშვიდობო შეთანხმებების ეფექტიანობასა და მდგრადობას“, - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ.

ღია კარის დღის მნიშვნელოვანი ნაწილი დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმო. მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებით გამყოფი ხაზის სოფლებში, უკანონო დაკავებებსა და მოსახლეობის გატაცებას. სათემო ლიდერმა ქალებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, შრომით მიგრაციასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, გზების, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და სხვა სერვისების არარსებობაზე, დევნილთა დასახლების ცენტრებში ნგრევადი შენობის დემონტაჟის საჭიროებაზე, საკანალიზაციო-სადრენაჟე, ბუნებრივი აირისა და წყლის სისტემების გაუმართაობაზე, ინტერნეტის არქონაზე და სხვა.

ქალთა ფონდ „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ ხაზი გაუსვა ღია კარის დღის ფორმატის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აუცილებელია, შეიქმნას იმგვარი საკონსულტაციო პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირი დიალოგი ჰქონდეთ დარგობრივ სამინისტროებთან, რათა მათი პრობლემები დროულად და ეფექტიანად გადაიჭრას.

შეხვედრაზე საკუთარი გამოცდილებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს უკრაინიდან და ეგვიპტიდან ლტოლვილმა ქალებმაც, რომლებმაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დააფუძნეს და ქვეყანაში მცხოვრებ ლტოლვილებს ეხმარებიან. მათ აქცენტი ინტეგრირებისა და მხარდაჭერის პროგრამების აუცილებლობაზე გააკეთეს.

გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ამგვარი შეხვედრების ორგანიზება და გაეროს სააგენტოების საქმიანობის არსებულ საჭიროებებზე მორგება, რათა პროგრამებისა და პროექტების შემუშავებისას აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია და ხელისუფლებასთან ადვოკატირება მოხდეს.

ღია კარის დღე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.