გენდერულ ჭრილში ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ

თარიღი:

ფოტო: ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სამუშაოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ფოტო: ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სამუშაოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

კონფლიქტით დაზარალებულ თემებში, განსაკუთრებით გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგსა და ამ პროცესში გენდერული ასპექტებისა და თავისებურებების გათვალისწინებას იქ მცხოვრები ქალებისა და გოგოების მდგომარეობის გაუმჯობესება და მეტი დაცულობის უზრუნველყოფა შეუძლია. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტმა ზარა ჯარვინენმა „გენდერულად მგრძნობიარე ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგის სახელმძღვანელო“ შეიმუშავა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი.

13-14 თებერვალს კი სახელმძღვანელოს ავტორის მონაწილეობით, თბილისში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიმდინარეობისასაც დამსწრეები გენდერულად სენსიტიური ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგის პრაქტიკულ ტექნიკებსა და მეთოდებში გადამზადდნენ. ტრენინგს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სულ სწავლება 14-მა ადამიანმა გაიარა.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უსაფრთხოების რაობას, მისი მონიტორინგის პრაქტიკასა და გამოწვევებს, პროგრამის შემუშავების სპეციფიკას, ანალიზს, ანგარიშის შედგენასა და ადვოკატირებას. დამსწრეებმა გაიუმჯობესეს ცოდნა მონიტორინგის მეთოდებსა და პრინციპებზე, რაც მათ დაეხმარება, განახორციელონ საქმიანობები კონფლიქტით დაზარალებულ თემებში, განსაკუთრებით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც უსაფრთხოების რისკები უფრო მაღალია, გამოკვეთონ ადამიანის უსაფრთხოების ის სპეციფიკური ასპექტები, რომლებიც ქალებსა და გოგოებს უკავშირდება და გენდერული თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.

"ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგის კუთხით ქალთა ორგანიზაციებისა და აქტივისტების ცოდნის გაღრმავება უმნიშვნელოვანესია, რადგან ის კონკრეტულ ლოკაციებში მოსახლეობის წინაშე არსებული, გენდერულად სპეციფიკური საფრთხეების მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი შეფასების საშუალებას იძლევა. მეორე მხრივ კი, ადგილებზე მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზების მიმართულებით შესაბამისი უნარების გაძლიერება, რისკების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების, მათ აღმოსაფხვრელად დროული ინტერვენციების დაგეგმვის, ანუ ადრეული გაფრთხილების საუკეთესო გზაა" ,- აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქალთა ფონდ "სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ.

სწავლება მიზნად ისახავდა გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები, მათ შორის ქალებისა და გოგოების მეტ დაცულობას ადამიანის უსაფრთხოების რისკებთან მიმართებაში, შესაძლო ესკალაციის დროულ იდენტიფიცირებასა და მის ეფექტიან პრევენციას, ასევე, მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოების მდგომარეობის გენდერულ ჭრილში შეფასება, მონიტორინგი, გაანალიზება და ანგარიშგება, ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა და ა.შ.

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.