სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმები საქართველოს საჯარო სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტია

თარიღი:

ტრენინგი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოს საჯარო სექტორი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების დანერგვაზე კვლავაც აქტიურად მუშაობს. საგულისხმოა, რომ თავად ეს პრობლემა საჯარო სამსახურებში საკმაოდ გავრცელებულია, რასაც შესაბმისი კვლევაც ადასტურებს: საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შრომის ინსპექციის სამსახურსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობით, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ აღნიშნული უწყებების თანამშრომლებისთვის 15-16 ივნისს ტრენინგი ჩაატარა.

ორი დღის განმავლობაში 16-მა მონაწილემ სექსუალური შევიწროების ცნების, გავრცელების მასშტაბისა და ფორმების, საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის, პრევენციისა ეროვნული მექანიზმების შესახებ ახალი ცოდნა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მიმდინარეობისას მათ საკუთარ უწყებებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობების შესახებაც იმსჯელეს.

„არსებული რეალობიდან და თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, როდესაც უამრავი ქალი საჯარო თუ კერძო სექტორში სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი ხდება, ტრენინგზე განხილული საკითხები თითოეულ მონაწილეს პრაქტიკული საქმიანობის სრულყოფაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. შრომის ინსპექციის სამსახური უკვე არსებული და დანერგილი მექანიზმების კარგ პრაქტიკებს განიხილავს და მათი შეჯერებით უწყების სპეციფიკას მორგებულ, თითოეული დასაქმებულის ინტერესებზე და საჭიროებებზე ორიენტირებულ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღსრულების მექანიზმს დანერგავს“, - განაცხადა ტრენინგის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, სალომე ყულჯანიშვილმა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, მარო მიროტაძემ კი ყურადღება მექანიზმების აუცილებლობაზე გაამახვილა: „ხშირად მსგავსი შემთხვევები გაუხმაურებელი და დაუსჯელი რჩება, ამიტომ აუცილებელია, სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი ყველა საჯარო სამსახურში იყოს. იგი ხელს შეუწყობს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციას, ასევე, შევიწროების გამოვლენის შემთხვევაში მასზე ეფექტიან რეაგირებას“, - დასძინა მან.

ტრენინგი საჯარო სექტორში გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული ძალისხმევის ნაწილია, რომელიც პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.